პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის განკარგულებით თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. მისი თქმით, არ არსებობს არგუმენტი, რატომ უნდა ღირდეს საქართველოში მედიკამენტები უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში.

"ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, რომ მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი თურქეთში ღირს ლარი და 2 ლარი. ამიტომ არავითარი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა", — თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ განკარგულება დღეიდან შევიდა ძალაში და გამოთქვა იმედი, რომ იმპორტიორები და კომპანიები მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან შემოიტანენ, რაც მედიკამენტების ფასებს მნიშვნელოვნად გააიაფებს.

ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს პარლამენტთან ერთად მუშაობა დაავალა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მთავრობის ამოცანაა მედიკამენტების ფასების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი და საჭირო გახდება რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.

"ჩვენ დაპირებისამებრ, დავასრულეთ, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, ჩაუტარდა მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციები გაეგზავნა უკვე პარლამენტს, მთავრობას. მე მინდა, ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა, ვინაიდან საჭირო იქნება კანონებში ცვლილებების განხორციელება და ეს კიდევ უფრო დაეხმარება და გააიაფებს მედიკამენტებს ჩვენი მოლოდინით", — თქვა მან.

ღარიბაშვილი 10 იანვარს ამბობდა, რომ მედიკამენტებზე ფასების შესამცირებლად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ.