კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელიც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორთან, ლაშა ბაქრაძესთან "სერიოზულ განხილვას" გეგმავს, აცხადებს, რომ "ყვირილი ნაადრევია", რადგან განხილვა ჯერ არ დაწყებულა. მისი თქმით, ამ განხილვას, შეიძლება, მოჰყვეს პასუხისმგებლობა, ან არ მოჰყვეს.

"რა თქმა უნდა, როგორც დარიანის, მით უმეტეს, ანა კალანდაძის, რობაქიძისა და სხვა ავტორების წინაშე ლიტერატურის მუზეუმს აქვს ბოდიში მოსახდელი და არა სამინისტროს წინაშე. მაგრამ თავად სიპ-ის უფროსთან საუბარი ვერ მოხერხდა, ვინაიდან მან გვითხრა, რომ არის ავად, მოიმიზეზა კოვიდი, როდესაც ეს პერიოდი დასრულდება, ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ განხილვას.

განხილვას მოსდევს ან არ მოსდევს პასუხისმგებლობა, ეს ჯერ არავინ არ იცის. განხილვა ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ ეს ყვირილიც არის ნაადრევი. უნდა დაზოგოს ყველამ საკუთარი ენერგია, იმიტომ, რომ განხილვა ჯერ არ დაწყებულა. განხილვას, შეიძლება, მოჰყვეს პასუხისმგებლობა, შეიძლება, არ მოჰყვეს, მაგრამ განხილვის შინაარსი, ანუ სერიოზული განხილვა გულისხმობს იმის კვლევას, თუ რა მეთოდით იქნა ეს წიგნი შედგენილი", — აღნიშნა მან პირველი არხის ეთერში.

წიგნი თავდაპირველად გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა, თუმცა, მასში შეცდომით აღმოჩნდა ანა კალანდაძის ორი ლექსი. ამის შემდეგ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაბეჭდილი ტირაჟის დაბრუნება მოითხოვა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს სამომავლოდ "სერიოზულად" განიხილავდა მუზეუმის დირექტორთან და კრებულის ერთ-ერთი შემდგენელთან, ლაშა ბაქრაძესთან.

ტირაჟის ამოღების მიუხედავად, წიგნზე სოციალურ ქსელში მაინც დიდი მოთხოვნა გაჩნდა და ამაზე საპასუხოდ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც განმარტა, რომ 500-ეგზემპლარიანი ტირაჟის დასაბეჭდა მუზეუმმა 6 280 ლარი დახარჯა, რომელიც სამინისტროს უნდა დაუბრუნოს და ამდენივეა საჭირო ხელახლა დასაბეჭდად. წიგნის შესწორებული ვერსიის გამოსაცემად უკვე 19 449 ლარი შეგროვდა. ეს თანხა საინიციატივო ჯგუფის პოსტიდან სულ რაღაც 15 საათში გადაირიცხა და რამდენიმე ათასით აღემატება იმას, რაც საჭირო იყო.

სასაჩუქრედ განკუთვნილი ეგზემპლარების გარდა, ტირაჟიდან დარჩენილი წიგნები მუზეუმს გადაეცემა.

ამავე თემაზე: