ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სთავაზობს, რომ დაანონსებული "სერიოზული განხილვა" საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მედიის თანდასწრებით შედგეს.

"კარგი იქნება ეს განხილვა შედგეს ღიად და გამჭვირვალედ, საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მედიის დასწრებით, ლიტერატურის მუზეუმში ან მაგალითად, მწერალთა სახლში. თუ ეს მიუღებელია, სატელევიზიო ლაივ გადაცემაში, იქ სადაც ქალბატონი თეასთვის კომფორტული გარემო იქნება, პირველ არხზე ან თუნდაც იმედზე", — აცხადებს ის.

ბაქრაძის თქმით, ხვალ, 24 იანვარს სამინისტროში, აუდიტთან შეხვედრას აპირებს, სადაც, ასევე, მისი მოადგილე და წიგნის რედაქტორი, თეა თვალავაძეა დაპატიჟებული. ბაქრაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ის ინფორმირებული არ იყო.

ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა, თუმცა, მასში შეცდომით აღმოჩნდა ანა კალანდაძის ორი ლექსი. ამის შემდეგ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაბეჭდილი ტირაჟის დაბრუნება მოითხოვა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს სამომავლოდ "სერიოზულად" განიხილავდა მუზეუმის დირექტორთან და კრებულის ერთ-ერთი შემდგენელთან, ლაშა ბაქრაძესთან.

ტირაჟის ამოღების მიუხედავად, წიგნზე სოციალურ ქსელში მაინც დიდი მოთხოვნა გაჩნდა და ამაზე საპასუხოდ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც განმარტა, რომ 500-ეგზემპლარიანი ტირაჟის დასაბეჭდა მუზეუმმა 6 280 ლარი დახარჯა, რომელიც სამინისტროს უნდა დაუბრუნოს და ამდენივეა საჭირო ხელახლა დასაბეჭდად. წიგნის შესწორებული ვერსიის გამოსაცემად უკვე 19 449 ლარი შეგროვდა. ეს თანხა საინიციატივო ჯგუფის პოსტიდან სულ რაღაც 15 საათში გადაირიცხა და რამდენიმე ათასით აღემატება იმას, რაც საჭირო იყო.

სასაჩუქრედ განკუთვნილი ეგზემპლარების გარდა, ტირაჟიდან დარჩენილი წიგნები მუზეუმს გადაეცემა.

ამავე თემაზე: