ტომ ჰოლანდისგან განსხვავებით წინა სპაიდერმენის როლის შემსრულებელ ენდრიუ გარფილდს შეგიძლიათ, საიდუმლო თამამად გაანდოთ, რადგან ზუსტად გეცოდინებათ, რომ ის კრინტს არავისთან დაძრავს.

ენდრიუ გარფილდი სამყაროს 2 წლის განმავლობაში ატყუებდა, რომ მარველის ახალ ფილმ Spider-Man: No Way Home-ში არ გამოჩნდებოდა. ინტერვიუების დროს ის ღიმილით უარყოფდა ყველა "ბრალდებას" და ფილმიდან გავრცელებულ ფოტოებსაც ფოტოშოპს თვალისდაუხამხამებლად უწოდებდა. ის კი არა, ენდრიუმ ყოფილი შეყვარებული და სპაიდერმენის გვენ სტეისი ემა სტოუნიც კი მოატყუა.

ამის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, მსახიობს ეს შესანიშნავი ამბავი ოჯახისთვის არ დაუმალავს. ცოტა ხნის წინ ენდრიუმ ელენ დეჯენერესს გაუმხილა, რომ მისი საიდუმლო მხოლოდ სამმა ადამიანმა იცოდა: ენდრიუს მშობლებმა და ძმამ.

ენდრიუმ იმაზეც ისაუბრა, თუ რას გრძნობდა ხალხის მოტყუებისას:

"ადამიანებსა და ინტერნეტს 2 წლის განმავლობაში ვატყუებდი, რაც საოცარი გრძნობა იყო. ამ საიდუმლოს შენახვა ძალიან მეხალისებოდა. ასე მეგონა, დაბადების დღის წვეულების სიურპრიზს ვუმზადებდი იმ ადამიანებს, რომლებიც ამას დააფასებდნენ", — ამბობს ენდრიუ გარფილდი.

ვინც სპაიდერმენის ახალი ფილმი უკვე ნახა, ენდრიუს აუცილებლად დაეთანხმება: სიურპრიზმა მარველისა და სპაიდერმენის ყველა ფანი გაახარა.

ამავე თემაზე: