თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით იგეგმება ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რის გამოც იქ მოვაჭრეებს საქმიანობის სხვაგან გადასატანად "გონივრულ ვადას" აძლევს. კალაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა "ბევრი უკმაყოფილო ადამიანის ზარი", რომლებისთვისაც მეტროს მიმდებარედ გადაადგილება არაკომფორტულია.

"მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. კერძოდ, ტროტუარის, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების მოწყობა და სათანადო გამწვანების სამუშაოების წარმოება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.

ბევრი უკმაყოფილო ადამიანის ზარი შემოვიდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა. დაეხმარეთ სავაჭრო სივრცეების დირექციასთან კომუნიკაციაში, რომ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეში განაგრძონ", — განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მას გარემოვაჭრეებთან კომუნიკაცია სამგორის გამგებელს დაავალა. კალაძის თქმით, გარემოვაჭრეებმა თავიანთი საქმიანობა ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეებში უნდა განაგრძონ.