პოლონეთში ქალი, რომელსაც აბორტის გაკეთებაზე უარი უთხრეს, გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი ბრალს ქვეყნის მთავრობას სდებს. მიზეზი ორი წლის წინ პოლონეთის ხელისუფლების მიღებული კანონია, რომელიც აბორტის უფლებას ზღუდავს.

ქალი, სახელად აგნიეშკა, ტყუპზე ორსულობის პირველ ტრიმესტრში იყო, როცა 21 დეკემბერს იგი ჩესტოხოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლობლების თქმით, 37 წლის ქალი საავადმყოფოში მიყვანისას ძლიერი ტკივილით იტანჯებოდა, თუმცა, გონზე და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო.

პირველი ნაყოფი 23 დეკემბერს დაიღუპა, თუმცა, მის მოცილებაზე ექიმებმა უარი განაცხადეს და მიზეზად აბორტთან დაკავშირებული მოქმედი კანონი დაასახელეს. აგნიეშკას ოჯახის თქმით, ამის შემდეგ ქალის მდგომარეობა უკვე მალევე დამძიმდა. მეორე ნაყოფის გულისცემა ერთი კვირის შემდეგ გაჩერდა, ექიმებმა კი კიდევ ორი დღე მოიცადეს, სანამ 31 დეკემბერს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

კვირების განმავლობაში გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ, აგნიეშკა 25 იანვარს გარდაიცვალა. ოჯახის ცნობით, ქალი სეპტიკური შოკით დაიღუპა, თუმცა, საავადმყოფო გავრცელებულ განცხადებაში გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებს.

"ეს იმის დასტურია, რომ ახლანდელ მთავრობას ხელები სისხლში აქვს ამოსვრილი", — აცხადებს აგნიეშკას ოჯახი.

ახლობლების თქმით, ორსულობის შეწყვეტიდან ცოტა ხანში საავადმყოფოს პერსონალმა მღვდელი მიიწვია, რათა ტყუპისთვის "სულის მოსახსენიებელი აღევლინა".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლონეთში არსებულ კანონმდებლობას ქალის სიცოცხლე შეეწირა. გასული წლის სექტემბერში ორსულ ქალს, იზაბელას, რომელსაც 22-ე კვირაში სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა დაეწყო, საავადმყოფოში აბორტის ან საკეისრო კვეთის გაკეთებაზე უარი განუცხადეს და მიზეზად კვლავაც ქვეყნის კანონმდებლობა დაასახელეს. საბოლოოდ, გამოძიებამ იზაბელას სიკვდილის მიზეზად "ექიმების დაუდევრობა" დაასახელა და კლინიკა დაჯარიმდა.

კლინიკას დაუდევრობაში აგნიეშკას ოჯახიც ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ საავადმყოფომ მათ სამედიცინო გამოკვლევების შედეგებიც არ მისცა და ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკით ახსნა. ახლობლების თქმით, ექიმები მათ "თანდათან აპარებდნენ", რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება უმი ხორცის ჭამით განვითარებულმა კრეიცფელდტ–იაკობის დაავადებამ გამოიწვია.

საავადმყოფო აცხადებს, რომ აგნიეშკას გარდაცვალებამდე კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, კლინიკაში მიყვანისას გაკეთებული ორი ტესტის შედეგი უარყოფითი იყო.

"ხაზს ვუსვამთ, რომ საავადმყოფოს პერსონალმა პაციენტის გადასარჩენად ყველა საჭირო გზას მიმართა", — დასძენს საავადმყოფო.

უცნობია, შემთხვევის გამოსაკვლევად გაიცა თუ არა ავტოფსიის ბრძანება.