სახალხო დამცველმა ევოლუშენ ჯორჯიაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, განცხადება მათ შრომის ინსპექციის სამსახურმა გაუგზავნა, რის შემდეგაც შეისწავლეს საქმეში არსებული მასალები, მათ შორის, განმცხადებლის გამოკითხვის ოქმი, მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, ასევე მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია.

სახალხო დამცველის დასკვნით, ადგილი ჰქონდა არასასურველ, სექსუალური ხასიათის ვერბალურ ქცევას, რომელმაც დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა დასაქმებულს. ომბუდსმენის შეფასებით, დასაქმებულისათვის ტელეფონის ნომრის გამორთმევამ, სექსუალური შინაარსის შეურაცხმყოფელი შეტყობინების გაგზავნამ და სხვა თანამშრომელთან მისი ცხოვრების სექსუალურ ჭრილში დამამცირებელმა შეფასებამ განმცხადებელს მტრული გარემო შეუქმნა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მოპასუხე მხარის არგუმენტაცია არ აღმოჩნდა საკმარისი, ამის საპირისპიროდ, მან ნაწილობრივ დაადასტურა განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ევოლუშენ ჯორჯიაში განაცხადეს, რომ ინციდენტის შემდგომ დაიწყეს შიდა მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეხვდნენ ორივე მხარეს, მიიღეს ახსნა-განმარტებები და გამოითხოვეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მათივე ინფორმაციით, განხილვისა და მხარეებთან გასაუბრების შემდგომ, კომპანია მივიდა დასკვნამდე, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები შესაძლო სექსუალური შევიწროების დასადგენად. ომბუდსმენის აცხადებს, რომ კომპანიამ თავად შესთავაზა დასაქმებულს მიემართა შრომის ინსპექციისთვის და შესაბამისი პროცედურებიც გააცნო.

სახალხო დამცველი არ იზიარებს კომპანიის პოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები სექსუალური შევიწროების დასადგენად და მიიჩნევს, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო დასაქმებულის უფლებების ეფექტიანი დაცვა. ამიტომ ის ერთი მხრივ, შემავიწროებელს მოუწოდებს, სამუშაო ადგილზე თუ სხვა სფეროში, აღარასდროს აღარ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ადამიანებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, შპს ევოლუშენ ჯორჯიას მიმართავს, მომავალში ეფექტიანად შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევები და გადადგას პროაქტიული ნაბიჯები, მათ შორის, მოამზადოს და დანერგოს სექსუალური შევიწროების შიდა პოლიტიკის დოკუმენტი და იმუშაოს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებაზე.