საქართველოში მწვანე პასპორტი უქმდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს ქვეყანაში მწვანე პასპორტის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ, მაგრამ ბაზა დარჩება იმისთვის, რომ მწვანე სტატუსი ქვეყნის გარეთ გამოიყენონ.

"ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება. თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიმით სარგებლობსას", — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ღიბრაძე მწვანე პასპორტის გაუქმების აუცილებლობას ხსნის იმით, რომ მომატებული შემთხვევების ფონზე, " რეალურად, ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის".

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მწვანე პასპორტის გაუქმება იმას, რომ ლაბორატორიულ სექტორზე მიმართვიანობა გაიზარდა, რადგან მწვანე სტატუსის მისაღებად მოსახელობა PCR და ანტიგენ ტესტებს იკეთებდა, ღიბრაძე ასე პასუხობს: "ცხადია, შეიქმნა გარკვეული პრობლემები მიმართვიანობაზე".

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ომიკრონის შემთხვევაში მწვანე პასპორტი ეფექტური არ არის და არც იმის გარანტიაა, რომ მისი მქონე პირი სადმე შესვლისას უსაფრთხოა, რადგან რეინფიცირების მაჩვენებელი მაღალია.

"მწვანე პასპორტის ტექნიკური საფუძველი, გარკვეულწილად ომიკრონთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა. აქ რა მაქვს მხედველობაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ინფექციის გადატანის სტატუსი, რეინფიცირება მაღალია ომიკრონის პირობებში, ამდენად ეს არ იცავს და არ არის გარანტია იმისთვის, რომ პირი იქნება უსაფრთხო, როდესაც ის შევა რომელიმე ბიზნესგარემოში, რაც მწვანე პასპორტთან დაკავშირებით გამოვიყენეთ", — განაცხადა მან.

საქართველოში მწვანე პასპორტები პირველ დეკემბერს გამოჩნდა. ქვეყანაში 2 აპლიკაცია მუშაობდა მწვანე პასპორტის ასაღებად და შესაბამისად, ორი ტიპის მწვანე საშვი გვქონდა. ერთს ევროკავშირი აღიარებდა და ამ აპლიკაციით მწვანე პასპორტს ვერ იღებდნენ ისინი, ვინც კორონავირუსი 6 თვეზე მეტი ხნის წინ გადაიტანა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მეორე აპლიკაცია, სადაც იმ პირების კოდებიც ჩანდა, ვისაც კორონავირუსი დიდი ხნის წინ ჰქონდა გადატანილი.

ე.წ. უვადო მწვანე პასპორტი კორონაგადატანილებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საგანი მაშინვე გახდა.