დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მწვანე პასპორტის გაუქმებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ პოზიცია საკოორდინაციო საბჭოზე დააფიქსირა და შიდა დისკუსიები გარეთ არ გამოაქვს.

"მე ჩემი პოზიცია საბჭოზე დავაფიქსირე. იყო საუბარი თერმოსკრინინგის გაუქმებაზეც სივრცეებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიგვაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ მწვანე პასპორტი დღეს დიდ როლს უკვე არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონდა თავისი პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე. მაგას არ აქვს მნიშვნელობა მე ვეთანხმებოდი თუ არა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საბჭოს შიდა დისკუსიები მე გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე იყო დისკუსია ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია", — ამბობს ის.

გამყრელიძის თქმით, საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის პრინციპით იღებს. ხოლო, ჟურნალისტების კითხვას, თუ ვისი ინიციატივა იყო კოვიდპასპორტების მოთხოვნის ვალდებულების გაუქმება, პასუხობს, რომ "ახლა მე ჭორაობას ვერ დავიწყებ ხომ? ცოტა უფრო სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ ჩემს თავს".

ამასთანავე, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაავადება კონტროლის ეროვნულ ცენტრში კოვიდპასპორტი იმუშავებს და ფიქრობს, რომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც გააგრძელებენ მის მოთხოვნას.

"მწვანე პასპორტი გამოცხადდა დღეს, რომ სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან რეკომენდირებულია იგივე მთელი რიგი ბიზნესებისთვის, რომ მათი გადასაწყვეტია და მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მობრძანდით, თქვენ ვერ შემოხვალთ თუ არ აჩვენებთ თქვენს აცრის და ტესტირების პასუხს, ანუ მწვანე პასპორტი იქ მუშაობს. ისევე როგორც, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს, თუმცა სავალდებულოება ამის მოხსნილია", — ამბობს ის.

საქართველოში მწვანე პასპორტი უქმდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს ქვეყანაში მწვანე პასპორტის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ, მაგრამ ბაზა დარჩება იმისთვის, რომ მწვანე სტატუსი ქვეყნის გარეთ გამოიყენონ.

საქართველოში მწვანე პასპორტები პირველ დეკემბერს გამოჩნდა. ქვეყანაში 2 აპლიკაცია მუშაობდა მწვანე პასპორტის ასაღებად და შესაბამისად, ორი ტიპის მწვანე საშვი გვქონდა. ერთს ევროკავშირი აღიარებდა და ამ აპლიკაციით მწვანე პასპორტს ვერ იღებდნენ ისინი, ვინც კორონავირუსი 6 თვეზე მეტი ხნის წინ გადაიტანა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მეორე აპლიკაცია, სადაც იმ პირების კოდებიც ჩანდა, ვისაც კორონავირუსი დიდი ხნის წინ ჰქონდა გადატანილი.

ე.წ. უვადო მწვანე პასპორტი კორონაგადატანილებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საგანი მაშინვე გახდა.