2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

დღესვე ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი და ა.შ.

შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.