პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ დიდად არაფერი შეცვლილა — ევროპას ისევ მშვიდობიანი გზით სურს კონფლიქტის მოგვარება, რუსეთი კი ისევ იმაზე წუწუნებს, როგორ "ჩაგრავს" მთელი თანამეგობრობა და არავინ ითვალისწინებს მის ინტერესებს.

იმ თეთრი მაგიდასავით გრძელი იყო ვლადიმერ პუტინის სიტყვაც. პრესკონფერენციის დიდი ნაწილი სწორედ ის საუბრობდა და პროპაგანდისტული ნარატივით შეფუთულ გრძელ-გრძელ მოთხოვნებს ხელახლა აჟღერებდა. ხან "თავდაცვით" იმუქრებოდა შეფარულად, ხან ღიად — ბირთვული იარაღით.

საერთაშორისო და კრიტიკულმა რუსულმა მედიებმა მოლაპარაკებები უშედეგოდ შეაფასეს და პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინისთვის არაფერი შეცვლილა. თუმცა, შესაძლოა, შეიცვალოს, რადგან როგორც მაკრონმა და პუტინმა გაგვიმხილეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსკოვში განხილული უკრაინის პრეზიდეტნს უნდა აცნობოს და შემდეგ პუტინს დაუკავშირდეს, რომ მოვლენათა განვითარება განიხილონ. დახურულ კარს მიღმა ყოველთვის საინტერესო დეტალები რჩება, დღეს კი ის საჯარო განცხადებები უნდა განვიხილოთ, რომელსაც გუშინ გვიან ღამით, 5-საათიანი შეხვედრის შემდეგ, თითქმის ერთი საათი ვუსმენდით.

ფოტო: Thibault Camus/ Pool via Reuters

პუტინის პროპაგანდა, მოთხოვნები და მუქარა

გრძელი მაგიდის დისტანცია ბრიფინგზე ცარიელი სივრცით ჩაანაცვლეს. პრეზიდენტების ტრიბუნები შორი-შორს იდგა.

პუტინმა საუბარი თავიდანვე იმით დაიწყო, რომ აშშ-მ და ნატომ მათი ძირითადი მოთხოვნები უგულებელყვეს და არგუმენტად ისევ სუვერენული სახელმწიფოების უფლებები გამოიყენეს. იქვე დასძინა, რომ საკამათო არ არის, ყველა ქვეყანამ თავად აირჩიოს თავდაცვის სტრატეგია, მაგრამ არც ისაა საკამათო, რომ ალიანსმა ყველა ქვეყანას არ შეუსრულოს გაწევრიანების სურვილი. პუტინმა ღია კარის პოლიტიკაზე საუბრისას ისიც თქვა, რომ აქამდე ბევრ პარტნიორთან ჰქონია დისკუსია და ახლა მაკრონთანაც იგივე გააკეთა.

"შეგახსენებთ, ეს წინადადება შეიცავს სამ ძირითად პუნქტს: ნატოს შემდგომი გაფართოების არდაშვება, ალიანსის მიერ რუსეთის საზღვრებთან დამრტყმელი თავდასხმის სისტემების განთავსებაზე უარის თქმა, ევროპაში სამხედრო პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის დაბრუნება 1997 წლის დროინდელ სიტუაციაში, როცა ხელი მოეწერა რუსეთისა და ნატოს მთავარ დოკუმენტს. სწორედ ეს ჩვენი ცენტრალური შეშფოთებები, სამწუხაროდ, უგულებელყოფილი იყო 26 იანვარს აშშ-სა და ნატოს მიერ მიღებულ პასუხებში", — განაცხადა პუტინმა.

გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვა გაჯერებული იყო მისივე, ანუ კრემლისტური ნარატივებით. პუტინმა ისიც კი იკადრა, ეთქვა, რომ არ ესმის, რატომ გრძნობენ სხვა ქვეყნები რუსეთის გამო თავს საფრთხეში.

საუბრისას ის ავლენდა ირონიულ დამოკიდებულებას ნატოს წევრი ქვეყნების მოთხოვნების მიმართ და ამტკიცებდა, რომ რუსეთის სამხედრო წვრთნების კრიტიკის ფონზე, მოკავშირეები უკრაინას თავადვე ამარაგებენ იარაღით და სპეციალისტებით.

"სამხედრო ძალების ჩვენს საზღვრებთან ახლოს გადმოწევის შემდეგ, ნატო და მისი წევრები მიიჩნევენ, რომ უფლება აქვთ ცოტათი ჭკუა დაგვარიგონ, სად და როგორ განვალაგოთ ჩვენი შეიარაღებული ძალები და ფიქრობენ, რომ შესაძლებელია მოითხოვონ, არ ჩავატაროთ დაგეგმილი წვრთნები. ხოლო ჩვენი ჯარების გადაადგილება, მინდა ხაზი გავუსვა — ჩვენივე ტერიტორიაზე — წარმოდგენილია, როგორც რუსული შეჭრის საფრთხე, ამ შემთხვევაში, უკრაინაში. თითქოსდა, საფრთხეში გრძნობენ თავს ბალტიისპირეთის ქვეყნები, სხვა სახელმწიფოები, ჩვენი მეზობლები, რის საფუძველზე, ცოტა გაუგებარია", — თქვა მან.

"ჩვენ ხომ არ მივდივართ ნატოსკენ, ნატო მოდის ჩვენკენ"

პუტინის პრესკონფერენციის მთავარი ხაზი იმის მტკიცება იყო, რომ ნატო თავდაცვითი ორგანიზაცია არ არის. ის ცდილობდა განვითარებული მოვლენები ისე შეეფუთა, თითქოს რუსეთს ალიანსისგან თავის დაცვა სჭირდება და საფრთხე მის საზღვრებთან შეიქმნა. ამავდროულად იმის მტკიცებაც კი სცადა, რომ თავად სხვის საზღვრებთან არ მიდიან.

"ჩვენ ხომ არ მივდივართ ნატოსკენ, ნატო მოდის ჩვენკენ. ამიტომ იმის თქმა, რომ რუსეთი იქცევა აგრესიულად, სულ მინიმუმ, არ შეესაბამება საღ ლოგიკას. ჩვენ ხომ არ მივსულვართ ვინმეს საზღვართან? ჩვენს საზღვართან მოვიდა ნატოს ინფრასტრუქტურა", — თქვა მან.

უცხოელი ჟურნალისტების კითხვების პასუხად პუტინმა საშიში სცენარიც დადგა და მოუწოდა უცხოურ მედიებს ეს ამბავი მათ მკითხველამდე და მაყურებლამდე მიეტანათ. მორიგი პროპაგანდისტული ნარატივის მიხედვით, თუ უკრაინა ნატოს წევრი გახდება და ყირიმის ძალით დაბრუნებას შეეცდება, მაშინ წევრი ქვეყნები ომში ჩაერთვებიან და ევროპა ომში გაეხვევა. სწორედ ამ დროს პუტინმა ტრადიციულად ყველას შეახსენა და დაიმუქრა, რომ ბირთვული იარაღი აქვს.

"რა თქმა უნდა, ნატოს გაერთიანებული ქვეყნების და რუსეთის პოტენციალი არ შეედრება, ჩვენ ეს გვესმის, ასევე ისიც გვესმის, რომ რუსეთი ერთ-ერთი წამყვანი ბირთვული სახელმწიფოა და ზოგიერთი კომპონენტით ბევრსაც უსწრებს. გამარჯვებული არ იქნება", — თქვა მან და იქვე დაამატა, თითქოს ეს არ სურს:

"ბატონ პრეზიდენტს არ უნდა ეს განვითარება, არც მე მინდა. ამიტომაც არის აქ და მაწვალებს 6 საათი ზედიზედ კითხვებით, გარანტიებით, ვარიანტებით. მე ვფიქრობ ეს კეთილსინდისიერი მისიაა და მისი მადლიერი ვარ ამ ძალისხმევისთვის".

პუტინმა არაერთხელ დაადანაშაულა კიევი მინსკის შეთანხმების უგულებელყოფაში და ამტკიცებდა, თითქოს ახალმა ხელისუფლებამ აიღო კურსი ამ შეთანხმების "დემონტაჟზე".

ამის შემდეგ პუტინმა არ დაიშურა ირონია უკრაინის როგორც მოქმედი, ისე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. "მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო " — ასე მიმართა მან ვოლოდიმირ ზელენსკის. ეს გამოთქმა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული შაირიდანაა და იძულებას გულისხმობს, პუტინმა ირონიულ კონტექსტში გამოიყენა, როცა მინსკის შეთანხმებაზე საუბრობდა.

"კიევში ხან ამბობენ, რომ არ შეასრულებენ, ხან ამბობენ, რომ ეს დაანგრევს მათ ქვეყანას. მოქმედმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არცერთ პუნქტი არ მოსწონს მინსკის შეთანხმებიდან. ნუ, მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო! უნდა შეასრულო! სხვანაირად არ გამოვა", — განაცხადა მან.

ამას იქვე უპასუხა ემანუელ მაკრონმაც და ხაზი გაუსვა, რომ ზელენსკი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის საზღვართანაც 125 000 რუსი ჯარისკაცი დგას და "დიახ, ის ნერვიულობს". მისი თქმით, ამ შეთანხმების ხელმოწერის დროს სიტუაცია სხვა იყო. მანვე აღნიშნა, რომ ზელენსკიმ უკან გაიწვია კანონპროექტი, რომელიც არ შეესაბამებოდა ნორმანდიის ფორმატის შეთანხმებას.

მაკრონმა არ დააკონკრეტა რომელ კანონპროექტზე საუბრობდა, თუმცა როგორც უკრაინსკაია პრავდა წერს, ბოლო დროს მხოლოდ ერთი კანონპროექტი გაიწვიეს — გარდამავალი პერიოდის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებზე, რომელიც ითვალისწინებდა ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის წესებს.

პუტინმა პეტრო პოროშენკოსაც დასცინა და რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა. რუსეთის პრეზიდენტმა სხვა ქვეყანაში, კერძოდ, უკრაინაში "ადამიანის უფლებების დარღვევაზე" ისაუბრა თქვა, რომ ამის შეახებ მაკრონს აცნობა. მაგალითად კი უკრაინის ექსპრეზიდენტის საქმე მოიყვანა. მან პოროშენკოს შეახსენა, რომ რუსეთი თავშესაფარს სთავაზობდა და ირონიულად დასძინა, რომ შეთავაზება ძალაშია. პოროშენკომ პუტინს მალევე უპასუხა და ურჩია ბოლოს და ბოლოს მიხვდეს, რომ უკრაინაში პრობლემებს თავად მოაგვარებენ, მისი ჩარევის გარეშე.

არის რაიმე წინსვლა?

იმედისმომცემი ბევრი არაფერი გაჟღერებულა, თუმცა პუტინმა თქვა, რომ მაკრონის იდეების ნაწილი სამომავლო განხილვის საფუძველი გახდება.

"იმ პრობლემების მიუხედავად, რომელიც საკმარისად აქვს ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით დიდი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელს, ბატონმა პრეზიდენტმა ჩათვალა საჭიროდ, ჩამოსულიყო რუსეთში, გაეცვალა თავისი აზრები იმაზე, როგორ ვიმოქმედოთ შემდგომში. მისი იდეების ნაწილი, რომლებზეც საუბარი ჯერ ადრეა, მე ვფიქრობ, სავსებით შესაძლოა, დავუდოთ საფუძვლად ჩვენს სამომავლო ნაბიჯებს. ვნახოთ, როგორ წარიმართება მისი შეხვედრა კიევში".

სხვა რაზე ისაუბრეს?

პუტინის თქმით, მოლაპარაკებებზე შეეხენ სხვა საკითხებსაც. მათ შორის, მთიან ყარაბაღში "რუსი მშვიდობისმყოფელების პოზიტიურ როლს" გაუსვეს ხაზი. მაკრონს ეს ფრაზა არ უარუყვია.

პუტინის თქმითვე, განიხილეს, ირანის ბირთვული პროგრამაც და ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის სრული აღდგენა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სოლიდარულები არიან იმაში, რომ აუცილებელია გააგრძელონ დიპლომატიური ძალისხმევა და ამ დოკუმენტის შესანარჩუნებლად იმოქმედონ კომპრომისული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ საკითხზე საუბრისას პუტინმა ისიც თქვა, რომ საფრანგეთის და რუსეთის პოზიციები ძალიან ახლოა.

მაკრონის ევროპული მშვიდობა

ფოტო: Reuters

მაკრონის მთელი გამოსვლა იმის ხაზგასმა იყო, რომ საჭიროა კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრა. მანვე აღნიშნა, რომ უახლესი დღეები უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ხედვა ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე არ ემთხვევა ევროპულ და დასავლურ პოზიციას. უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე თვის წინ მაკრონი ამბობდა, რომ საფრანგეთი მზად არის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას.

"ჩვენ ვხვდებით, რომ სიტუაცია სერიოზულია და ჩვენ ყველამ უნდა ვიპოვოთ მშვიდობიანი გზა ევროპაში სტაბილურობისთვის. ახლა, ჯერ კიდევ არსებობს ამის შანსი და დრო. [...]

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, უკრაინა და ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ გაქვთ მყარი პოზიცია, რომელიც არ ემთხვევა ევროპულ და დასავლურ პოზიციას. ამას ხაზი უნდა გავუსვათ — ჩვენ სხვადასხვა ხედვები გვაქვს, ეს უნდა გავიგოთ და მივიღოთ, ჩვენ ეს დეტალურად განვიხილეთ. მე მჯერა ევროპის და მისი ერთობის, ეს ფუნდამენტურია. ნამდვილად, ნატოს ღია კარის პოლიტიკა განვიხილეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ეგზისტენციალური საკითხია. მაგალითად, შვეიცარიისა და ფინეთისთვის. რთული იქნება მათ ვუთხრათ, რომ ნატო იცვლის თავის პოზიციას", — განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა თქვა, რომ ბოლო 30 წელში "იყო მიყენებული ტრავმები" და საჭიროა, ახალი მექანიზმების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობას. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არ შეიძლება ახალი წყობა შეიქმნას 30 წლის წინანდელი ნატო-რუსეთის შეთანხმებით, რასაც პუტინი არამხოლოდ შეხვედრასა და ამ პრესკონფერენციაზე, არამედ ბოლო რამდენიმე თვეა ითხოვდა.

"ამ ყველაფრის თქმის შემდეგ, ჩვენ ვცადეთ მაინც გვეპოვა წერტილები, სადაც ჩვენი პოზიციები ემთხვევა, რომ სამომავლოდ ამ კუთხით განვავითაროთ მსჯელობა. პირველ რიგში, საჭიროა სწრაფი რეაგირება, რომ ავირიდოთ ესკალაცია".

"ყოველთვის მარტივია დაიწყო კონფლიქტი, მაგრამ რთულია დასრულება"

მაკრონის ყველა ახალ წინადადებას ფონად გასდევდა საუბარი მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე. ის იმეორებდა, რომ ყველამ ერთად უნდა აჩვენოს ნება, იმუშაონ უსაფრთხოების გარანტიებზე

"ჩვენ არ შეგვიძლია კოლექტიურად, ყველამ ერთად რისკის ქვეშ დავაყენოთ თავი, რომ ევროპაში ისევ იქნება კონფრონტაცია, გავლენის სფეროები, არასტაბილურობა, არეულობა. ეს შექმნის ახალ წყენებს, ახალ საფრთხეებს. ყოველთვის მარტივია დაიწყო კონფლიქტი, მაგრამ რთულია დასრულება და ხანგრძლივი მშვიდობის აშენება. ამიტომ მე არ მჯერა, რომ ჩვენ იძულებული ვართ, ავირჩიოთ ახალ წესებსა და წესების გარეშე თამაშს შორის", — განაცხადა მან.

მისი თქმით, აგრძელებენ მოლაპარაკებებს ყველა პარტნიორთან, რომ შექმნან ახალი უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე არაწევრი ქვეყნებისთვის. მათ შორის, საქართველოსა და უკრაინისთვის. მისი თქმით, პუტინს უთხრა ისიც, რომ აწუხებს ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებები ბირთვულ იარაღზე, რაზეც პუტინმა "დამამშვიდა"

"ეს საკითხები რეალურად მაწუხებს იმიტომ, რომ ზრდის დესტაბილიზაციას. ჩვენ ასე ერთად უნდა შევქმნათ უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე რეგიონის სახელმწიფოების, უკრაინის, საქართველოს, ბელარუსიისა და რუსეთისთვის. ეს ზუსტად ის მიზანია, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს."

მაკრონის თქმით, შეხვედრაზე თქვა ისიც, რომ ეუთოს შემუშავებული დოკუმენტის საფუძველზე შეძლებენ უსაფრთხო გარემოს შექმნას და ამისთვის ნოვატორული გადაწყვეტილებებია საჭირო.

ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ, როგორც მეზობლებმა. არ შემიძლია იმის თქმა, რომ შევთანხმდით, მაგრამ პროცესი დაიწყო

ემანუელ მაკრონი

მაკრონმა აღნიშნა, რომ მხარეები აგრძელებენ ძალისხმევას ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში, რომ სრულად დაიცვან მინსკის შეთანხმება და დაარეგულირონ კონფლიქტი დონბასში.

"საფრანგეთმა და გერმანიამ გადაწყვიტა ნორმანდიის ფორმატის რეანიმაცია მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარები მიიყვანა. ამ ფორმატის ბოლო შეხვედრა ამ პრეზიდენტების დონეზე 2019 წელს გაიმართა. ჯერჯერობით ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც პუტინს და ზელენსკის მოლაპარაკებების ერთ მაგიდასთან შეხვედრა შეუძლიათ", — წერს Unian გუშინდელი შეხვედრის მიმოხილვისას.


მაკრონმა რუსეთი უკვე დატოვა. ახლა ის უკრაინაშია და შეხვდება იმ ქვეყნის ლიდერს, რომლის საზღვრებთან პუტინის ასიათასიანი არმია დგას. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც მაკრონი ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს. შეიცვლება თუ არა რამე უკრაინისთვის, ამას სულ რამდენიმე საათში გავიგებთ.