ჯეინ ოსტინის გარდაცვალებიდან ორი საუკუნის გასვლის შემდეგაც კი მისი ნამუშევრებისა და ბრიტანული ეგრეთ წოდებული რეგენტობის პერიოდის სამყაროს მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ამ ფაქტს თავად ოსტინიც შეიძლება გაეკვირვებინა. მას ხომ თავისი პირველი ნაწარმოების გამომცემლისგან გამოსყიდვა მოუწია, რადგან ამ გარიგებისგან არაფერი გამოვიდა. ამის შემდეგ კი ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ შემოქმედებას ანონიმურად აქვეყნებდა. ამის მიუხედავად, უამრავი ადამიანი ოსტინისა და მისი ნაწერებისადმი დღემდე გრძნობს ღრმა კავშირს.

2017 წელს ლიტერატურის სამეფო საზოგადოებისთვის საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, სადაც ისეთი ავტორების წერილები იყო წარმოდგენილი, როგორებიც მარგარეტ ეტვუდი, კაზუო იშიგურო და იენ მაკიუენი არიან. მათ დაწერეს იმაზე, თუ რამხელა ზეგავლენა იქონია ოსტინმა მათ შემოქმედებაზე. ეტვუდმა გაიხსენა, რომ 12 წლის ასაკში ძალიან უნდოდა, ისევე შეწინააღმდეგებოდა ტანვარჯიშის მასწავლებელს სკოლაში, როგორც ელიზაბეთ ბენეტი — ლედი ქეთრინს.

"განსაკუთრებულად მხიბლავდა ის სცენა, სადაც ელიზაბეთ ბენეტი ლედი დე ბურნს საკადრის პასუხს სცემს. ვნატრობდი, იგივე ჩემს ტანვარჯიშის მასწავლებელთან გამემეორებინა, თუმცა შესაძლებლობა არასდროს მომეცა"

მარგარეტ ეტვუდი

ოსტინის პერსონაჟები მკითხველს გაცილებით მეტს სთავაზობს, ვიდრე რომანტიკაა. და სწორედ ამ გარემოებამ შეიტანა მწერლისადმი გაუნელებელ ინტერესში დიდი წვლილი.

ოსტინის ექვს რომანსა და ეპისტოლარულ ნაწერებში მრავალფეროვანი პერსონაჟები გვხვდებიან — ქალი და კაცი გმირები, მათი მეგობრები და მტრები. მკითხველისათვის ისინი ერთგვარი მონათესავე სულები არიან, რომელთა ამბების კითხვა, ამასთან, ძალიან სახალისოცაა. ზოგს ელიზაბეთ ბენეტის პრინციპული ხასიათი ან ფიცუილიამ დარსის გულჩათხრობილი ერთგულება ხიბლავს, ზოგსაც — ნორთენგერის სააბატოს ქეთრინ მორლენდის წარმოსახვის უსაზღვრო ნიჭი და ჰენრი ტილნის გონებამახვილური სარკაზმი.

ჯეინ ოსტინის პერსონაჟები რეალური მისწრაფებებისა და ნაკლოვანებების მქონე ხელშესახებ ადამიანებად გვესახებიან, რომლებიც ჩვენ თვალწინ იზრდებიან და ვითარდებიან. ისინი მკითხველის მეგობრები და ნაცნობები ხდებიან — მიუხედავად იმისა, რომ ორი საუკუნის წინ შეიქმნენ. ვინ არ მოიხიბლებოდა ფენი პრაისით მენსფილდ-პარკიდან, როცა მერი კროუფორდი ედმუნდ ბერტრამს დროის მონოპოლიზებისთვის ბოდიშს არ უხდის, ფენი კი მის უტაქტო საქციელზე ირონიულად აღნიშნავს:

"ადამიანებს ეგოისტობა ყოველთვის უნდა მივუტევოთ, რადგან მისგან განკურნების არანაირი იმედი არ არსებობს".

ოსტინის წერის უშუალო მანერის გამო, მკითხველისათვის კიდევ უფრო სასიამოვნოა ფენის ტრიუმფის ამსახველი პასაჟის წაკითხვა. ის თითქოს მკითხველს ამბავში მონაწილეობის მისაღებად იწვევს — საიდუმლოებებს ანდობს და ისეთ მახვილგონივრულ კომენტარებს აკეთებს, რომლებიც ორი საუკუნის შემდეგაც კი ჭეშმარიტებად რჩება.

დროსავით ძველი ამბავი

თანამედროვე მკითხველს მხოლოდ ოსტინის პერსონაჟები არ ეჩვენება რეალისტურად. მისი რომანების სიუჟეტური ხაზებიც დღემდე ნაცნობი და მარტივად დასაჯერებელია.

მაგალითად, განვიხილოთ სიამაყე და ცრურწმენა. ერთი შეხედვით, ეს ამბავი საერთოდაც არაა დღევანდელი მკითხველისთვის რელევანტური: მართლაც, დღესდღეობით ხუთი გოგო შვილის რამდენი მშობელი დარდობს ყოველი მათგანის გათხოვებაზე, რათა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაამყაროს? მაგრამ მომავლის შიში და ფინანსურ სტაბილურობაზე ნერვიულობა ყველა დროისათვის აქტუალურია. ამასთან, ამ რომანის მთავარი გაკვეთილი იმაზე, უნდა ვენდოთ თუ არა პირველ შთაბეჭდილებებს, ოსტინის სხვა წიგნებშიც გვხვდება (გავიხსენოთ კროუფორდები მენსფილდ-პარკიდან, უილობი გონება და გრძნობიდან და ფრენკ ჩერჩილი ემადან). ბევრისათვის ასევე ძალიან ნაცნობია კეთილმოსურნე, მაგრამ, ცოტა არ იყოს და, შემაწუხებელი ნათესავების ყოლაც.

თვალწარმტაცი სანახაობა

ამ ნაწარმოებთა რეალიზმის დასტურია ისიც, რომ რომანების სატელევიზიო ადაპტაციები ყოველთვის პოპულარულობით სარგებლობს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენდრიუ დეივისის მიერ 1995 წელს BBC-ისთვის გადაღებული სიამაყისა და ცრურწმენის ადაპტაცია აღმოჩნდა. კოლინ ფერტისათვის საოცნებო ჯენტლმენის სტატუსის მინიჭების გარდა, დეივისმა ექვსი სერიის განმავლობაში მოახერხა, რომ საზოგადოებისათვის ჯეინ ოსტინი ძლიერი, გონიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი გმირების ავტორად გაეცნო.

ფოტო: პალიტრა L

დეივისის ადაპტაციამ წიგნთან მსგავსების გამო ფანების გული მაშინვე დაიპყრო. თუმცა ეკრანზე მან რომანის ისეთი ელემენტებიც გააცოცხლა, რომლებიც მკითხველს ყურადღების მიღმა ხშირად რჩებოდა. რეჟისორმა ოსტატურად დაიჭირა ოსტინის იუმორი, ფინანსური პრობლემების გულწრფელი შიში და ახალგაზრდა ქალების შფოთვა ამ სამყაროში ცხოვრების საკუთარი გზის პოვნის გარშემო. ამ გზით რეგენტობის პერიოდის დრამა დეივისმა თანამედროვე აუდიტორიის ინტერესებს მაქსიმალურად მოარგო.

ოსტინის რომანების უნივერსალობაში დასარწმუნებლად საუკეთესო საშუალება მისი პერსონაჟების თანამედროვე სამყაროში წარმოსახვაა. სიამაყე და ცრურწმენა ჯერ გაზეთში დაბეჭდილ სვეტად, შემდეგ წიგნად, ბოლოს კი რომანტიკულ კომედია ბრიჯიტ ჯონსის დღიურად იქცა.

1990-იანი წლების თინეიჯერული კომედიების მოყვარულებს კი ოსტინის რომანების დღიური დოზა შეუძლიათ Clueless-ის ყურებით მიიღონ, სადაც ალისია სილვერსტოუნი მაჭანკალი და სხვის საქმეებში ჩარევის მოყვარული ემა ვუდჰაუსის როლს ირგებს. რეგენტობის პერიოდის კოსტიუმში იქნებიან გამოწყობილი თუ თანამედროვე კაბაში — ოსტინის პერსონაჟების ხილვა მაყურებელს ყოველთვის სურს.

ოსტინის შემოქმედების მოყვარულებს მასთან დაკავშირებული ადგილების მონახულებაც შეუძლიათ: იქნება ეს მწერლის სახლ-მუზეუმი თუ ისტორიული მნიშვნელობის ისეთი სახლები, როგორიცაა ლაიმ პარკი, რომელიც სიამაყისა და ცრურწმენის 1995 წლის ადაპტაციაში პემბერლის გარე ფასადად გამოიყენეს. ეს ადგილები კიდევ უფრო გვაკავშირებს სულ სხვა ეპოქაში მცხოვრებ მწერალთან.

ჩეშირში მდებარე ლაიმის პარკი, რომელიც რომანის, სიამაყე და ცრურწმენა, 1995 წლის ადაპტაციაში პემბერლის მამულად წარმოაჩინეს.

ფოტო: Lizzie Rogers

ჩვენი სიყვარული ჯეინ ოსტინის მიმართ მისი შემოქმედების წლისთავების აღნიშვნაზე მეტია. გარდაცვალებიდან ორი საუკუნის გასვლის შემდეგ მწერალმა კულტურის ისტორიაში კუთვნილი ადგილი უკვე დაიმკვიდრა. მის რომანებში გადმოცემული სამყარო არა მხოლოდ რეგენტობის პერიოდის გლამურული კაბებისა და ეტიკეტის გამო გვიზიდავს, არამედ — ჩვენთვის გამაოგნებლად ნაცნობი პერსონაჟებისა და სოციალური კომენტარის გამოც.

და ჩემში როდის დაიწყო ოსტინის მიმართ სიყვარულის გაღვივება? პასუხად მისტერ დარსის სიტყვებს მოვიხმობ:

"არ მახსენდება საათი და ადგილი, არც სიტყვები, რომელმაც მომხიბლა. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. სანამ გავიაზრებდი, უკვე შეყვარებული ვიყავი".