შვედეთის მთავრობამ პანდემიის გამო მიღებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა და COVID-19-ის მასიური ტესტირებაც შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეცნიერი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში მოთმინებას ითხოვს და შვედეთის ჯანდაცვის სისტემა ისევ მაღალი ზეწოლის ქვეშ რჩება, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მაინც მიიღო.

შვედეთის მთავრობამ, რომელიც პანდემიის პერიოდში ქალაქების ჩაკეტვას უფრო რბილ შეზღუდვებს არჩევდა, პანდემიის დასრულების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციისა და ომიკრონის უფრო სუსტი ვარიანტის გამო ქვეყანაში მძიმე შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა.

"შემიძლია ვთქვა, რომ პანდემია დასრულდა. მართალია, მსოფლიოსთვის ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, მაგრამ სწრაფი ცვლილებებისა და შეზღუდვების თვალსაზრისით, პანდემიის გამო აღარაფერი შეიცვლება", — განაცხადა შვედეთის ჯანდაცვის მინისტრმა და თან დასძინა, რომ COVID-19 საზოგადოებისთვის საშიშ საფრთხედ აღარ განიხილება.

ფოტო: Getty Images

შვედეთის ბარებსა და რესტორნებს ღამის 11 საათის შემდეგაც შეეძლებათ მუშაობა და აღარც სტუმრების რაოდენობაა შეზღუდული.

"მეტი მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და დადასტურებულ შემთხვევებს კიდევ ორი კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ. ჩვენი ქვეყანა საკმარისად მდიდარია იმისთვის, რომ ტესტირება გავაგრძელოთ", — აცხადებს შვედეთის ერთ-ერთი ვირუსოლოგი.

შვედეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ტესტირება ზედმეტად ძვირი ჯდება და მისი სარგებელი გადახდილ თანხასთან მიმართებით მინიმალურია. შვედეთის მთავრობის თქმით, 2022 წელს ტესტირებისთვის უკვე 55 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ბოლო დღის მონაცემებით, შვედეთში ვირუსით გარდაცვალების 144 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის პერიოდში კი ქვეყანაში სულ 16182 ადამიანი გარდაიცვალა. შვედეთის მეზობლებთან შედარებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია, თუმცა ევროპასთან მიმართებით — გაცილებით დაბალი.