ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილ ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა. 2014 წლის 25 ივლისს, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.

მკვლელობამდე ქალი მოძალადისგან თავის დაცვის თხოვნით ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართავდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა.

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ევროპული კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების, სიცოცხლისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებების დარღვევა გამოავლინა.

"მთლიანობაში, საქმე შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ერთ თვალსაჩინო მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა და დისკრიმინაციულმა პასიურობამ ოჯახში ძალადობის ბრალდებების წინაშე შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მსხვერპლთა მიმართ ჩადენილი ძალადობის შემდგომ გავრცელებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები იყვნენ", — ვკითხულობთ ევროპული სასამართლოს განცხადებაში.

საქმეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრსა (EHRAC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თანამშრომლობით აწარმოებდა.