"მე არ ვაპირებ უკრაინაში ვიზიტს", — ასე უპასუხა ჟურნალისტებს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით ექნებათ ნებისმიერ შესაძლო ქმედებაზე რეაქცია.

კობახიძის შეფასებით, რეზოლუციით, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის, "ძალიან ხმამაღალი პოზიცია" გამოხატეს.

"ჩვენ მოვლენების განვითარების კვალად მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი, იქნება ეს განცხადება, ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", — ამბობს კობახიძე.

გუშინ, 12 თებერვალს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემაც თქვა, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში ჩასვლას არ აპირებენ. პირველ თებერვალს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოსა და დროას წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის მხარდაჭერა დააფიქსირეს. კიევში შეხვედრებს მართავენ მსოფლიოს ლიდერები, ისმის რუსული აგრესიის კრიტიკა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვა, თუმცა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები უკრაინაში ჯერ კიდევ არ ჩასულან.

11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 12 თებერვალს განაცხადა, რომ ახლა ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ერთიანობა, ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავება, რომელიც სტაბილურობას ძირს უთხრის და თესავს პანიკას.