პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტას არ ეთანხმება.

"დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას", — წერს ის.

ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი 77 დეპუტატმა დაუჭირა, 38 წინააღმდეგი იყო.

მისთვის მანდატის შეწყვეტის მიზეზად მმართველი გუნდი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ სასამართლოს განაჩენით დამნაშავედაა ცნობილი.

12 იანვარს, მოსამართლე გიორგი არევაძემ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მუხლი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ თაღლითობაში ცნო. ჯაფარიძეს და ხაზარაძეს სასამართლომ 7-7 წელი მიუსაჯა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმდათ. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, 28 კი წინააღმდეგი იყო. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, მას მანდატი არასაპატიო გაცდენების გამო შეუწყდა.

ნათელაშვილმა, რომელიც პარლამენტში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ოპოზიციას ამ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებდა, 6 იანვარს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა მისთვის "სიკვდილი და შეურაცხყოფაა", მაგრამ როცა საქმე ქვეყნის ინტერესებზეა "პირადი ემოცია და შეურაცხყოფა ხანდახან მეორეხარისხოვანია". 10 თებერვალს კი თქვა, რომ პარლამენტში შედიოდა. თუმცა კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პლენარული სხდომის დღეს პარლამენტში ვერ მივიდოდა.

ელენე ხოშტარიას მანდატის შეწყვეტას მხარი 77 დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი იყო.

ელენე ხოშტარიას პარლამენტში ევროპული საქართველოს სიით მოხვდა, 2020 წლის 20 დეკემბერს მან ევროპული საქართველო დატოვა, პარტია დროა შექმნა და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა. ხოშტარიას ხელი არც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციის მიღწეული შეთანხმების დოკუმენტისთვის მოუწერია.