კონკურენციის სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის 2021 წლის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მსხვილი კომპანიების მაგალითზე ბოლო 4 თვეში რეგულარის ტიპს საწვავზე ფასნამატი 17-31 თეთრის არეალში მერყეობდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში საწვავზე ფასების ცვლილება ძირითადად მომწოდებელ ქვეყნებში ფასების ზრდით იყო განპირობებული.

ანგარიშში წერია, რომ 2013 წლიდან ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების კუთხით დადებითი ცვლილებები შეინიშნება. კვლევის ავტორების თქმით, 2012 წელს ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, რომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი — 2021 წელს ქვეყანაში ასეთი 39 კომპანია ფუნქციონირებდა.

როგორი გარემო იყო ბაზარზე 2021 წელს

კონკურენციის სააგენტოს თქმით, იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობრივი ზრდის შედეგად, შემცირდა ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი — ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსი. თუმცა, სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემებიდან ჩანს, რომ 2021 წელს ეს მაჩვენებელი 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო.

ფოტო: კონკურენციის სააგენტო

სააგენტოს ინფორმაციით, ბაზრის იმპორტის დონეზე, ყველაზე მსხვილი იმპორტიორი შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმია. ანგარიშში წერია, რომ 3 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 58,4%-ია, ამასთან არც ერთი მათგანის წილი არ არის 15%-ზე ნაკლები.

2021 წელს, ქვეყანაში საერთო ჯამში იმპორტირებულია 1 453 707 ათასი ლიტრი ბენზინი და დიზელი, რაც 7,2%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან — 22,1%, რომელსაც მოჰყვება რუსეთის ფედერაცია — 19,2% და რუმინეთი —18,2%.

კონკურენციის სააგენტო წერს, რომ საქართველოში ყველაზე მეტად მოთხოვნადი რეგულარის ტიპის საწვავია, რომლის პროცენტული წილი ბენზინის სახეობებში 64%-ია, ხოლო საერთო იმპორტში 34,9%.

ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის დასაწყისში, ბაზარზე ფუნქციონირებდა დაახლოებით 960 ავტოგასამართი სადგური, 2018 წელს — 1 190, 2019 წელს — 1 210, 2020 წელს — 1 216, 2021 წელს კი 1 232. სააგენტოს თქმით, ავტოგასამართი სადგურების რაოდენობრივი ზრდა ძირითადად განპირობებულია ბაზარზე ახალი ეკონომიკური აგენტების შესვლით და ზოგადად მცირე ქსელების სეგმენტის გააქტიურებით.

კვლევაში წერია, რომ 2021 წელს ბაზრის საცალო დონეზე ყველაზე მსხვილი 5 კომპანიის შემადგენლობა შეიცვალა, რაც კონკურენტული გარემოს შეფასების კუთხით დადებით ფაქტორს წარმოადგენს. სააგენტოს თქმით, ეს გავლენას ახდენს საცალო ფასების ფორმირებაზეც.

ფოტო: კონკურენციის სააგენტო

სააგენტო წერს, რომ ბაზრის საცალო დონეზე ყველზე მსხვილი ეკონომიკური აგენტი შპს რომპეტროლ საქართველოა. 3 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი შეადგენს 45%-ს, შესაბამისად არ კმაყოფილდება ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის პირობა საბაზრო წილებთან დაკავშირებით.

რის მიხედვით დგინდება საწვავის ფასი

სააგენტოს ინფორმაციით, ჩვეულებრივ პირობებში, ქვეყანაში საცალო ფასწარმოქმნაზე მოქმედებს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი:

  1. იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, რომელსაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პლატსის ფასი — Prem. Unl 10ppm CIF MeD (ბენზინის შემთხვევაში);
  2. ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში — საწვავის შეძენა იმპორტის მიზნით ხორციელდება ძირითადად ხსენებულ ვალუტაში;
  3. იმპორტირებული საწვავის საცალო ფასზე ასახვის დროითი შუალედი;
  4. ბაზარზე არსებული მოთხოვნა და ბიზნეს მოლოდინები;
  5. კონკურენტების ქცევა.

კონკურენციის სააგენტოს მიერ დასახელებულ ფაქტორებს შორის ვერ მოხვდა სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადები — დღგ და აქციზი. რეალურად კი, გადასახადების მოცულობა საწვავზე ფასის დადგენისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში მსხვილი კომპანიებისთვის 1 ლიტრ რეგულარის ტიპის საწვავზე საბაჟო ღირებულება 1,74 ლარი, საოპერაციო დანახარჯები — 0,25 ლარი, აქციზი — 0,37 ლარი, დღგ — 0,47 ლარი, ხოლო ფასნამატი 0,26 ლარი იყო.

შესაბამისად, სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 1 ლიტრ რეგულარის ტიპის საწვავში სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადების წილი 0,84 ლარია.

ფოტო: კონკურენციის სააგენტო

დასკვნები და რეკომენდაციები

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით 2021 წელი გამოირჩეოდა საერთაშორისო ფასის ზრდის დინამიკით. წლის მეორე ნახევრიდან შეინიშნება ლარის გაცვლითი კურსის გამყარება სტაბილურობა, თუმცა აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაზრდილი ფასის სრულად დასაკომპენსირებლად.

ანგარიშში წერია, რომ მსხვილ კომპანიებსა და მცირე ქსელებს შორის ფასთაშორისი სხვაობა ძირითადად განპირობებულია რუსეთის ფედერაციიდან და თურქმენეთიდან იმპორტირებული შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე საწვავით, რომლის რეალიზაცია მცირე ქსელებთან ერთად ხორციელდება რიგი მსხვილი კომპანიების დონეზეც. სააგენტოს ინფორმაციით, მცირე და მსხვილ ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე 30-45 თეთრის ფარგლებში ფიქსირდებოდა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს და დარგობრივ ასოციაციებს, თავი შეიკავონ საწვავის სამომავლო ფასებთან დაკავშირებული განცხადებებისგან, განურჩევლად იმისა, ემყარება თუ არა ეს განცხადებები საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს. როგორც ჩანს, სააგენტო, უმთავრესად, ვისოლის წარმომადგენლებს მიმართავს — თებერვლის დასაწყისში ვისოლის დირექტორმა თქვა, რომ საქართველოში საწვავი 20-25 თეთრით გაძვირდება.