საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ახალი კვირის წამყვანის, იმედა დარსალიას განცხადებით, გადაცემა გააჩერეს და ეთერიდან მოხსნეს, რაზეც ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დაგეგმილია რეორგანიზაცია. როგორც On.ge-ის დარსალია ეუბნება, ინფორმაცია 28 დეკემბერს მიაწოდეს, თუმცა მისთვის უცნობია, რატომ აღარ არის გადაცემის წამყვანი. დარსალიას თქმით, უთხრეს, რომ გადაცემა "ფორმატს" იცვლის.

"მიზეზი გვითხრეს ის, რომ ამ გადაცემამ ამ ფორმატში თავი ამოწურა, მეტი არაფერი არ ვიცი, ველოდები რეორგანიზაციის დასრულებას, რომელიც თვის ბოლოს სრულდება და შემდეგ, სხვა დეტალები ამ დროს მეცოდინება. ახლა არაფერი არ ვიცი სხვა", — ამბობს ის.

ახალი კვირა ანალიტიკური გადაცემაა, სადაც მზადდება სიუჟეტები შემეცნებით, სოციალურ და კულტურულ თემებზე, ასევე, კონკრეტული ადამიანების მიღწევებისა და საქმიანობის, ეთნიკური ჯგუფებისა და მათი ტრადიციების, უცხო ქვეყნების კულტურული ცხოვრების შესახებ. 28 ნოემბერს გავიდა სიუჟეტი, Alt-Info-ს სახიფათო იდეოლოგია, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში ღიად პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური Alt-Info-ს წევრები და მხარდამჭერები ახალი კვირის წამყვანსა და სიუჟეტის ავტორ ჟურნალისტზე მუქარის შემცველ ტექსტებს წერდნენ.

"ჩვენთან ეთერში გავიდა ქეთი თუთბერიძის რეპორტაჟი Alt-Info-ს სახიფათო იდეოლოგია და ზუსტად ამ საღამოს Alt-Info-ს პარტიის ლიდერების საჯარო მუქარები იყო, თუმცა არ მივაქციე ყურადღება და ახლა მედია უკავშირებს ამ ყველაფერს გადაცემის ეთერიდან გაქრობას, თუმცა ძალიან არ მინდა, რომ დავუკავშირო, რადგან ეს არის კატასტროფა. არ ვიცი, მხოლოდ ფაქტებზე მინდა ვისაუბრო, ჟურნალისტი ვარ, ამიტომ ველოდები თვის ბოლოს, როცა დასრულდება რეორგანიზაცია", — განაცხადა მან.

On.ge დაუკავშირდა ახალი ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს, რომელსაც გადაცემის ფორმატის ცვლილებებზე ვკითხეთ, კერძოდ — რატომ იცვლება გადაცემის ფორმატი და როდის, რა სახით დაბრუნდება ეთერში? ასევე, რატომ გადაწყდა იმედა დარსალიას მოხსნა. რაზეც გვიმრაძემ გვიპასუხა:

"გადაცემა არ დახურულა, იმედა დარსალია არ არის არსაიდან გათავისუფლებული და იღებს ხელფასს, მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ძალიან მალე დასრულდება. მეტი კომენტარი არ იქნება".

ახალი კვირის ბოლო გადაცემა, რომელიც ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებსაიტზე იძებნება, 26 დეკემბრით თარიღდება.