ოკუპანტებმა დონბასიდან ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთ დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს, ჭურვი კი საბავშვო ბაღს მოხვდა. ამაზე ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების საოპერაციო შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, სოფელი და მიმდებარე დასახლებები ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება ტვიტერზე წერს, რომ სოფელი სტანიცია ლუგანსკა დონბასის ოკუპირებული ტერიტორიიდან მძიმე იარაღით დაიბომბა და დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

"მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, დაუყოვნებლივ დაგმონ რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების ეს სერიოზული დარღვევა უსაფრთხოების ისედაც დაძაბული სიტუაციის პირობებში", — აცხადებს მინისტრი.

უკრაინული მედია მოხალისეებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ არიან დაშავებულები. მათივე ცნობით, დაბომბვის დროს საბავშვო ბაღში ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა ამ ეტაპზე დაზარალებული ბავშვების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გაიგე მეტი: