საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემა ახალ კვირასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია "რეპუტაციის შემლახავ მიზანმიმართულ კამპანიას" უწოდებს და ამბობს, რომ "საყვედურებს" ითმენენ, მაგრამ "შეურაცხყოფას" — არა.

"არხზე არ დახურულა არც ერთი პროექტი, მათ შორის, ახალი კვირა და ამ დროისთვის გადაცემის გუნდის უკლებლივ ყველა წევრი არის მაუწყებლის ანაზღაურებადი თანამშრომელი. არხი მაყურებელს შესთავაზებს გადაცემის განახლებულ ფორმატს, რომელზეც სწორედ ახალი კვირის გუნდი მუშაობს", — ნათქვამია განცხადებაში.

პირველი არხის განცხადებით, მათ მიმართ "ცილისმწამებლური" კამპანია ხორციელდება, ხოლო "ბრალდებები, რომლის ტირაჟირებაც ხდება", "სრულიად უსაფუძვლოა.

"მივიჩნევთ, რომ რადიკალურად პოლარიზებულ მედიაგარემოში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი იცავს მკაცრად სარედაქციო პრინციპებსა და მედიასტანდარტს, რაც გამოიხატება მის დაბალანსებულ, მრავალფეროვან, ხარისხიან სატელევიზიო, რადიო და ონლაინ პროდუქტში.

საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმიანობს მრავალი ღირსეული პროფესიონალი, ვისთვისაც, თმენის ვალდებულების მიუხედავად, კატეგორიულად მიუღებელია წარმოებული კამპანიის შინაარსი და არავინ დაუშვებს მათ პროფესიულ საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეშ ჩარევას", — აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ახალი კვირის წამყვანმა, იმედა დარსალიამ 17 თებერვალს განაცხადა, რომ გადაცემა გააჩერეს და ეთერიდან მოხსნეს, რაზეც ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დაგეგმილია რეორგანიზაცია. დარსალიას თქმით, ინფორმაცია 28 დეკემბერს მიაწოდეს, თუმცა მისთვის უცნობია, რატომ აღარ არის გადაცემის წამყვანი. ჟურნალისტის განცხადებით, უთხრეს, რომ გადაცემა "ფორმატს" იცვლის. მოგვიანებით, დარსალიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში შავი სიები იყო, ანუ იმ ადამიანების ჩამონათვალი, თუ ვინ უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა და ვინ არა.