ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს, რომ მოხსნას გრიფი საიდუმლო 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. მისი თქმით, ამით დადასტურდება, რომ პროცედურები, რომელსაც თემურ ჯანაშიას ე.წ. პიჯაკების საქმეში ედავებიან, კანონიერი იყო.

"თქვენ შეგიძლიათ არა სიტყვით, არამედ საქმით იხსნათ წესიერი და დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან თქვენი ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს. მოხსენით გრიფი "საიდუმლო" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც. მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს.

თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში", — წერს ის.

ე.წ. პიჯაკების საქმეს სახელწმიფო ქონების გაფლანგვის საქმეს უწოდებენ. სააკაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების, კერძოდ 9 მილიონ 24 ათას 667 ლარის გაფლანგვაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 11 წლამდე.