პარტია საქართველოსთვის წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პანკისისა და 20 ივნისის სპეცოპერაციების შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას "ქება-დიდებით დაუღალავად" იყო დაკავებული.

"ამ სპეცოპერაციების მერე, მათ შორის, კობახიძე დაუღალავად, გახარიას ქება-დიდებით იყო დაკავებული. პრემიერი გახდა, არ დაგვავიწყდეს. სიბრალულის გარდა, მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ [...] ზოგადად, არც კობახიძეს, არც ღარიბაშვილს და არც "ოცნებაში" მყოფ პირებს არ აქვთ კომპეტენცია და უნარი, რომ რამე ნაბიჯი დამოუკიდებლად გადადგან და რამე ნაბიჯი დამოუკიდებლად მიიღონ", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

მისივე თქმით, კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები სიცრუე და ჭორაობაა. მეზვრიშვილი ფიქრობს, რომ ეს ერთადერთ მიზანს — ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბრის თავიდან არიდებას ემსახურება.

კობახიძემ დღეს, 18 თებერვალს განაცხადა, რომ გახარიას მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების უკან, შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობა იდგეს. მისი თქმით, მოგვიანებით საზოგადოებას გახარიასა და ენმ-ის თანამშრომლობის დეტალებს აცნობებენ.

17 თებერვალს კი "ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საზოგადოებას გახარიაზე "უაღრესად საინტერესო ინფორმაციას" მიაწვდიან. კობახიძის თქმით, ინფორმაცია, როგორც გახარიას პრემიერმინისტრობის, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრობისა პერიოდსა და "17-18 თებერვალსაც" შეიძლება შეეხებოდეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არა სამართლებრივი პროცესი, არამედ პოლიტიკური განცხადება იქნება.