დიდი ბრიტანეთის პრემიერინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ.

"იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ვხედავთ, მასშტაბების გათვალისწინებით ეს შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ომი ევროპაში 1945 წლის შემდეგ", — ამბობს ის BBC-სთან.

ჯონსონის თქმით, ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას გეგმავს.

უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობა იმატებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მიზანში უკრაინის დედაქალაქს, კიევს ამოიღებენ.

18 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ზელენსკის ბრძანებით უკრაინის ჯარი თავდასხმას აპირებდა. უკრაინის სამხედრო ძალების მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს მიმართა და ეს ცნობები უარყო. ამ ცნობებს სიცრუე უწოდა ზელენსკის ოფისმაც. როგორც მათ აღნიშნეს, რუსეთი ყველანაირად ცდილობს მათ პროცოცირებას.

თვითაღიარებულმა ლიდერებმა კი მოუწოდეს ადგილობრივებს, რუსეთის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ამ დასახლებიდან "დევნილებს" ერთჯერადად 10 000 რუბლს გადაუხდის.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობები, დონეცკსა და ლუგანსკზე შეტევის შესახებ. მათივე თქმით, სიცრუეა ისიც, რომ დონბასში დივერსია იგეგმება.