ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.

"ყველაფერი გასაგებია, რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას. თქვენ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში და თუკი ვინმე სულელს დღეს კიდევ ჰგონია, ან უსინდისოს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, კარგად უნდა შეხედოს უკრაინას. ჩვენ ომი კიარ დავიწყეთ, ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ და ამისთვის ვისჯები ახლა მე და მათ შორის, ამისთვის ხორციელდება პუტინის დავალებით არსებული კრეპტოკრატიული რეჟიმისა და მაფიოზური კლანის მიერ შეგნებულად ჩემი ინვალიდიზაცია და მკვლელობა. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ამასთან დაკავშირებით მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ჩავქრე, ვითომ ვერაფერი. ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ კვდებიან თავაწეულად ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები.

მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის შიმშილობა, რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს. ჩემი ჯანმრთელობა არის კიდევ მეასეხარისხოვანი", — თქვა მან.

ექსპრეზიდენტის თქმით, მან ჰოლანდიელი ექიმისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ განმეორებით შიმშილობამ შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

"მე მივდივარ ამაზე, ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ნახოს ყველამ, რას ნიშნავს ამბიციები თუ საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება. მეორე — მხოლოდ სულელს შეუძლია დაიჯეროს ის ბრალდებები, რომლებიც მე მაქვს წაყენებული", — განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

დღეს, 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.