ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებად მოიხსენიებენ თავს, დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. ამ "თხოვნით" პუტინს თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მიმართეს.

"აუცილებლად მივიჩნევ, მივიღო უკვე დიდი ხნის წინ გაჩენილი გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ვთხოვ რუსეთის ფედერალურ საბჭოს, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ მაოხდინოს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების რატიფიცირება ორივე რესპუბლიკასთან", — განაცხადა მან საგანგებო ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ ორივე დოკუმენტი მზად იქნება და ხელს მოაწერენ უახლოეს დროში.

პუტინმა პროპაგანდისტული მესიჯებით გაჯერებულ ბრიფინგზე მიმართა უკრაინის ხელისუფლებასაც და მოუწოდა, რომ "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

ბრიფინგის დროს ის ამბობდა, რომ უკრაინის სახელმწიფო რუსეთმა შექმნა და საუბრობდა "საერთო წარსულზე" და იმაზე, რომ უკრაინა არამხოლოდ მეზობელი ქვეყანა, არამედ "განუყოფელი ნაწილია". რა თქმა უნდა, გააჟღერა პროპაგანდა და თეორიები იმაზეც, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში უკრაინა დაიწყებს ომს, რომელიც მთელ ევროპას მოიცავს და ისევ დაადანაშაულა ქვეყანა მინსკის შეთნახმების დარღვევაში, რომელსაც თავად არ იცავს. დასასრულს მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია რუსეთის მოსახლეობა მის გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერს.

რუსული მხარის განცხადებით, ლუგანსკი და დონეცკი იმ საზღვრებში აღიარეს, რომელშიც თავი "რესპუბლიკებად" გამოაცხადეს.

დღეს, 21 თებერვალს პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც ეს საკითხი განიხილეს. მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას დღესვე, მოგვიანებით მიიღებდა.

კრემლის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სხდომის შემდეგ პუტინი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა და განაცხადა, რომ მზად არის, უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს შესაბამის დადგენილებას, მიზეზად კი პროპაგანდისტული მოტივით "უკრაინის აგრესია" დაასახელა. როგორც კრემლი ამბობს, მაკრონმა და შოლცმა ამ გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება გამოხატეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელი სხდომა მაკრონსა და შოლცთან განიხილა. დამატებითი დეტალები უცნობია.