ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით რუსეთზე დაკისრებული სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტს, სახელმწიფო ვალსა და ელიტარულ ოჯახებს. მისი თქმით, ეს პასუხია ვლადიმერ პუტინის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ.

"სანქციები იქნება ორ ფინანასურ ინსტიტუტზე, VEB და სამხედრო ბანკი. სანქციები იქნება, ასევე, სახელმწიფო ვალზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვწყვეტთ რუსეთს დასავლური დაფინანსებისგან, მათ აღარ შეეძლებათ დასავლეთიდან ფულის მოზიდვა, ვაჭრობა ევროპის ან ჩვენს ბაზარზე... სანქციები გამკაცრდება რუსული ელიტის წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებზეც", — განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ მიღწევებს და ამიტომ მათაც უნდა გაიზიარონ ტკივილი.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ესკალაციის გაღრმავების შემთხვევაში სანქციები გამკაცრდება.

ბაიდენმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის საპასუხოდ იმის შესახებ, რომ ბელარუსიდან ძალებს არ გამოიყვანს, მან ბრძანება გასცა გაიგზავნოს სამხედრო ძალები, აღჭურვილობა ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თვითგამოცხადებული ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. პუტინმა ეს გადწყვეტილება უკრაინის "აგრესიით" ახსნა და გასამართლებლად არაერთი პროპაგანდისტული მესიჯი გააჟღერა. მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

პუტინის გადწყვეტილება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. ეს ქმედება დაგმო საქართველომაც.

აღიარების შემდეგ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გააგზავნიან ჯარებს.