კომპანია Meta-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, TikTok-ის მსგავსი Reels-ის ფუნქცია სოციალურ ქსელ Facebook-ის აპლიკაციაში უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. ამიერიდან მისით iOS-ისა და Android-ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე მოწყობილობების მფლობელები 150-ზე მეტ ქვეყანაში ისარგებლებენ.

ამის გარდა, კომპანია აღნიშნული პლატფორმის Facebook ვერსიაზე ვიდეოების მონტაჟისთვის საჭირო ფუნქციებსაც ამატებს და რეკლამის განთავსების ახალ ფორმებს გვთავაზობს.

Facebook Reels-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, რომ სხვების ვიდეოების რემიქსი შექმნან, ანუ მათ მიერ გადაღებული კადრები საჯაროდ გაზიარებულ reel-ებთან გააერთიანონ. ასევე, ატვირთონ ვიდეომასალა, რომლის ხანგრძლივობაც 60 წამამდეა, როგორც ეს Instagram-ზე გვხვდება. შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ჩანაწერების შენახვა და განსხვავებული ფორმატების გამოყენებაც, რომელთაც მომდევნო თვეებში ვიხილავთ.

ფოტო: Meta

რაც შეეხება რეკლამებს, ისინი Reels-ებში გამოჩნდება, როგორც ბანერის სახით, რომელიც ნახევრად გამჭვირვალე იქნება და ეკრანის ქვედა მხარეს განთავსდება, ასევე, უძრავი გამოსახულების/სტიკერის ფორმითაც, რომელსაც ნებისმიერ ადგილას ჩასვამთ. თანხის გამომუშავება შესაძლებელია თავად ვიდეოების დასაწყისში ან შუაში ჩაშენებული რეკლამებითა და გამომწერების პირდაპირი დონაციის გზითაც.

Meta-ში აცხადებენ, რომ მალე Reels-ებს უფრო მეტ ადგილზე გავაზიარებთ, მაგალითად, სთორებსა და "Watch" კატეგორიაში. ჯერჯერობით უცნობია სტატისტიკა, თუ რამდენად წარმატებულია კომპანიისთვის ეს პლატფორმა, მაგრამ ცხადია, რომ ის კონკურენტების აპლიკაციებში არსებულ ფუნქციებს აქტიურად ითვისებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.