პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში შექმნილი მოვლენების ფონზე იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის და მხოლოდ დიპლომატიით შეიძლება კონფლიქტის მოგვარება. მან ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა ვსაუბრობდეთ ომზე, არამედ უნდა იყოს მსჯელობა, როგორ ავირიდოთ თავიდან ის.

"ჩემთვის საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ რიგმა ევროპის ქვეყნებმა უარიც კი განაცხადეს, უკრაინას არ მიაწოდეს იარაღი, ეს ზოგიერთმა ქვეყანამ თავისებურად ახსნა, მოგეხსენებათ, რომ ამერიკა იყო ყველაზე დიდი დონორი ამ მიმართულებით და ყველაზე მეტი კონტრიბუცია მათ შეიტანეს იარაღის მიწოდების ნაწილში, კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ზოგადად მე მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით. მხოლოდ დიპლომატიის გზით, მხოლოდ მოლაპარაკების გზით, იმიტომ რომ ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით", — თქვა ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

მისი შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, არ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველოს საფრთხე ემუქრება. ღარიბაშვილის თქმით, საფრთხე რომელიც იყო, უკვე მოხდა 2008 წელს.