უკრაინის საგანგებო სამსახურის ცნობით, ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონის ორი სოფელი აიღეს. მათივე განცხადებით, დნეპროპეტროვსკის ოლქში დაბომბეს სამხედრო საწყობები, ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო კი აცხადებს, რომ ოდესის ოლქში, ქალაქ პოდილსკში ამ დროისთვის 6 ადამიანია დაღუპული, 7 დაშავებული, 19 კი დაკარგული.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთი მშვიდობისკენ აიძულონ. მისი თქმით, უნდა დაწესდეს დაუყოვნებლივი სანქციები და დაიხუროს საჰაერო სივრცეები.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების "დახმარების თხოვნას" ასახელებს. ის ამტკიცებს, თითქოს ეს "ოპერაცია" არის თავდაცვა მათგან, ვინც "უკრაინა ტყვედ აიყვანა". ტრადიციულ პროპაგანდისტულ მოტივებზე პუტინი იმეორებს, რომ არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას და უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გონჩარენკოს განცხადებით, განხორციელდა სარაკეტო დარტყმები სამხედრო ადმინისტრაციის ცენტრებზე, აეროდრომებზე, სამხედრო საცავებზე, კიევთან, ხარკოვთან, დნეპერთან. მისივე თქმით, ხდება საზღვრის საარტილერიო დაბომბვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთმა მათ წიანააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და მშვიდობიან ქალაქები იბომბება. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს და მსოფლიომ პუტინი ახლავე უნდა შეაჩეროს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მოუწოდა ხალხს, არ აყვნენ პანიკას. მისი თქმით, ყველაფრისთვის მზად არიან და ყველას დაამარცხებენ.

ამავე თემაზე:

გაიგეთ მეტი: