ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი, მცაცრი სანქციების დაწესებაზე მსჯელობს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორზე იქნება მიმართული. გაიყინება რუსული აქტივები ევროკავშირში და შეჩერდება რუსული ბანკების წვდომა ევროპის ფინანსურ ბაზარზე.

"ახალი პაკეტი მიმართული იქნება რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებზე. რუსეთს შეეზღუდება წვდომა ტექნოლოგიურ და საფინანსო ბაზართან. ჩვენ შევასუსტებთ რუსეთის ეკონომიკურ ბაზას და მოდერნიზაციის შესაძლებლობებს", — თქვა ლაიენმა.

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, საგანგებო სამიტზე განიხილება უკრაინის ევროკავშირში მიღების საკითხიც.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების "დახმარების თხოვნას" ასახელებს. ის ამტკიცებს, თითქოს ეს "ოპერაცია" არის თავდაცვა მათგან, ვინც "უკრაინა ტყვედ აიყვანა". ტრადიციულ პროპაგანდისტულ მოტივებზე პუტინი იმეორებს, რომ არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას და უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გონჩარენკოს განცხადებით, განხორციელდა სარაკეტო დარტყმები სამხედრო ადმინისტრაციის ცენტრებზე, აეროდრომებზე, სამხედრო საცავებზე, კიევთან, ხარკოვთან, დნეპერთან. მისივე თქმით, ხდება საზღვრის საარტილერიო დაბომბვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთმა მათ წიანააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და მშვიდობიან ქალაქები იბომბება. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს და მსოფლიომ პუტინი ახლავე უნდა შეაჩეროს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მოუწოდა ხალხს, არ აყვნენ პანიკას. მისი თქმით, ყველაფრისთვის მზად არიან და ყველას დაამარცხებენ.

გაიგეთ მეტი: