უკრაინული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვის შემოვლით გზაზე 4 ტანკი დაიწვა, განადგურდა 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და დაიღუპა 50-მდე რუსი სამხედრო.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი ქალაქ მარიუპოლსა და სჩასტიაზე.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების "დახმარების თხოვნას" ასახელებს. ის ამტკიცებს, თითქოს ეს "ოპერაცია" არის თავდაცვა მათგან, ვინც "უკრაინა ტყვედ აიყვანა". ტრადიციულ პროპაგანდისტულ მოტივებზე პუტინი იმეორებს, რომ არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას და უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გონჩარენკოს განცხადებით, განხორციელდა სარაკეტო დარტყმები სამხედრო ადმინისტრაციის ცენტრებზე, აეროდრომებზე, სამხედრო საცავებზე, კიევთან, ხარკოვთან, დნეპრთან. მისივე თქმით, ხდება საზღვრის საარტილერიო დაბომბვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთმა მათ წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და მშვიდობიან ქალაქები იბომბება. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს და მსოფლიომ პუტინი ახლავე უნდა შეაჩეროს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას. მისი თქმით, ყველაფრისთვის მზად არიან და ყველას დაამარცხებენ.

გაიგეთ მეტი: