კიევთან ახლოს რუსეთის თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

მედია წერს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ კიევთან ახლოს განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაშავდა 17 ადამიანი.

მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვას ოდესის ოლქშიც. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ ლიპეცკში სამხედრო ნაწილზე იერიშის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.

სიტუაცია მუდმივად იცვლება. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო წერს, რომ კიევის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. არიან დაღუპულები, თუმცა ამ ეტაპზე მათი ზუსტი რაოდენობა ზუსტდება. უწყების ცნობით, ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა.

ამასთან, საგანგებოს ბოლო ცნობებით, თავდასხმა განხორციელდა ჟიტომირის სამხედრო აეროპორტშიც. ადგილზე 11 სამაშველო და 2 სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. მათი ცნობით, იწვოდა Su-27 თვითმფრინავი და საწვავის მანქანა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კი წერს, რომ ამ დროისთვის უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ოკუპანტებმა კალიბრის საკრუიზო რაკეტებით, MLRS-ითა და არტილერიით 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს.

გაიგეთ მეტი: