CNN ადგილზე მყოფ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა საჰაერო-სადესანტო ძალებმა კიევთან ახლოს მდებარე ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი აიღეს.

"მათ საშუალება მოგვცეს, შემოვსულიყავით და მათთან ერთად ვყოფილიყავით, ისინი ავიაბაზის პერიმეტრს იცავენ. ჯარები ვერტმფრენებით დილით ადრე დაეშვნენ, რათა მეტი ჯარისკაცის მისაყვანად საჰაერო ხიდი გაეკეთებინათ", — ამბობს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, ჯარებს უნიფორმაზე ნარინჯისფერი და შავი ზოლები აქვთ, იმისთვის, რომ მათი, როგორც რუსი ჯარისკაცების იდენტიფიცირება მოხდეს.

როგორც ქვედანაყოფის მეთაურმა ჟურნალისტს განუცხადა, ადგილზე რუსმა სამხედროებმა ცეცხლი, სავარაუდოდ, უკრაინული ჯარის წინააღმდეგ გახსნეს, რომლებიც აეროპორტზე კონტროლის აღსადგენად კონტრშეტევას ახორციელებდნენ.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.

სიტუაცია მუდმივად იცვლება. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო წერს, რომ კიევის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. არიან დაღუპულები, თუმცა ამ ეტაპზე მათი ზუსტი რაოდენობა ზუსტდება. უწყების ცნობით, ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა.

ამასთან, საგანგებოს ბოლო ცნობებით, თავდასხმა განხორციელდა ჟიტომირის სამხედრო აეროპორტშიც. ადგილზე 11 სამაშველო და 2 სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. მათი ცნობით, იწვოდა Su-27 თვითმფრინავი და საწვავის მანქანა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კი წერს, რომ ამ დროისთვის უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ოკუპანტებმა კალიბრის საკრუიზო რაკეტებით, MLRS-ითა და არტილერიით 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს.

გაიგეთ მეტი: