საქართველოში უკრაინის საელჩოსთან რუსეთის მოქალაქემ პასპორტი დაწვა და განაცხადა, რომ უარს ამბობს მოქალაქეობაზე. ვიდეოს Netgazeti ავრცელებს.

"მე უარს ვამბობ მოქალაქეობაზე. აღარ მინდა მქონდეს რუსული პასპორტი. მინდა, რომ დაიწვას", — განაცხადა მან.

ადგილზე შეკრებილები პუტინ ხუილოს სკანდირებდნენ.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.

სიტუაცია მუდმივად იცვლება. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო წერს, რომ კიევის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. არიან დაღუპულები, თუმცა ამ ეტაპზე მათი ზუსტი რაოდენობა ზუსტდება. უწყების ცნობით, ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა.

ამასთან, საგანგებოს ბოლო ცნობებით, თავდასხმა განხორციელდა ჟიტომირის სამხედრო აეროპორტშიც. ადგილზე 11 სამაშველო და 2 სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. მათი ცნობით, იწვოდა Su-27 თვითმფრინავი და საწვავის მანქანა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კი წერს, რომ ამ დროისთვის უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ოკუპანტებმა კალიბრის საკრუიზო რაკეტებით, MLRS-ითა და არტილერიით 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს.

გაიგეთ მეტი: