რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავა. ინფორმაციას Ukrainskaia Pravda უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სასტიკი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ დავკარგეთ ჩერნობილის ობიექტზე კონტროლი. უცნობია, რა მდგომარეობაშია ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის აღჭურვილობა, ასევე, ბირთვული ნარჩენების საცავის მდგომარეობა", — თქვა მან.

ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციულ ზონაში შევიდნენ და მის დაკავებას ცდილობდნენ, ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა. მისი თქმით, ამით რუსეთმა სრულიად ევროპის წინააღმდეგ გამოაცხადა ომი.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.

სიტუაცია მუდმივად იცვლება. ზელენსკი ამბობს, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციულ ზონაში შევიდნენ. იზრდება დაღუპულთა რიცხვიც — ხერსონის ოლქში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და 9 სამხედრო მოსამსახურე. კიევთან ახლოს რუსეთის თავდასხმას კი 7 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, CNN ადგილზე მყოფ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა საჰაერო-სადესანტო ძალებმა კიევთან ახლოს მდებარე ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი აიღეს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში

გაიგეთ მეტი: