უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ წვევამდელები და რეზერვისტები ჯარში უნდა გამოცხადდნენ. მობილიზაცია პრეზიდენტის ბრძანების გამოქვეყნებიდან 90 დღის განმავლობაში მოქმედებს მთელი უკრაინის ტერიტორიაზე.

წვევამდელების და რეზერვისტების გაწვევა, ასევე, სამხედრო საჭიროებებისთვის სატრანსპორტო საშუალებების მომარაგება უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც შეესაბამება მობილიზაციის გეგმებს. ამის განსაზღვრა კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს დაევალა. გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტს დაევალა, უზრუნველყოს დაფინანსება და მიიღოს სხვა ზომები საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის, კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

24 თებერვლის მთავარი ამბები:

  • რუსულმა ჯარებმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის ბელარუსიდან შეუტიეს, რასაც ლუკაშენკო უარყოფს;
  • რუსებმა კონტროლი აიღეს რამდენიმე აეროდრომსა და აეროპორტზე;
  • რუსებმა ხელში ჩაიგდეს ჩერნობილის ატომური სადგური;
  • ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს;
  • უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა;
  • ომის გასაპროტესტებლად აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, მოსკოვში გაიმართა, სადაც ასეულობით ადამიანი დააკავეს;
  • ორივე მხარეს დაიღუპა ათეულობით სამხედრო, ზუსტი რაოდენობა უცნობია;
  • რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა;
  • რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი გარდაიცვალა, 169 დაიჭრა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში

გაიგეთ მეტი: