გველების კუნძულზე, რომელსაც რუსები დღის განმავლობაში ბომბავდნენ, 13 უკრაინული სამხედრო დაიღუპა. უკრაინსკაია პრავდამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ რუსული სამხედრო გემი მათ დანებებას ურჩევს, პასუხად კი რუსულენოვან გინებას იღებს.

პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯარისკაცები გმირულად დაიღუპნენ, მაგრამ კუნძული არ დათმეს. მან ყველას გმირის წოდება მიანიჭა.

"ეს არის კუნძული შავ ზღვაში, სადაც ჩვენი 13 მესაზღვრე რუსული არმადას ცეცხლის ქვეშ იდგა მთელი დღის განმავლობაში. ახლა იქ რადიო სიჩუმეა", — დაწერა ტვიტერზე უკრაინის ელჩმა ავსტრიაში.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

24 თებერვლის მთავარი ამბები:

  • რუსულმა ჯარებმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის ბელარუსიდან შეუტიეს, რასაც ლუკაშენკო უარყოფს;
  • რუსებმა კონტროლი აიღეს რამდენიმე აეროდრომსა და აეროპორტზე;
  • რუსებმა ხელში ჩაიგდეს ჩერნობილის ატომური სადგური;
  • ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს;
  • უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა;
  • ომის გასაპროტესტებლად აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, მოსკოვში გაიმართა, სადაც ასეულობით ადამიანი დააკავეს;
  • ორივე მხარეს დაიღუპა ათეულობით სამხედრო, ზუსტი რაოდენობა უცნობია;
  • რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში

გაიგეთ მეტი: