საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება კრემლის მთავარმა პროპაგანდისტმა, Russia Today-ის რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა მოიწონა. სიმონიანი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომლებიც ევროკავშირმა დაასანქცირა.

სიმონიანმა ფეისბუქგვერდზე გააზიარა RT-ს დაწერილი ღარიბაშვილის ციტატა იმის შესახებ, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთს უკრაინისადმი აგრესიის გამო სანქციები დაუწესოს და დააწერა: "მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა".

ფოტო: სქრინშოთი ფეისბუქიდან

დღეს, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის 101-ე წლისთავზე საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს და ამტკიცებდა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.

"მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, მან კიევში "ვერჩასვლის" მიზეზად ჩაკეტილი საჰაერო სივრცე დაასახელა, რის შემდეგაც უკრაინელი დეპუტატისგან პასუხად მიიღო, რომ შეუძლია, არც ფრენების აღდგენის შემდეგ ჩავიდეს უკრაინაში.

პრემიერის განცხადებებს საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ პრემიერის პოზიციას არ იზიარებენ და მხარს უჭერენ უკრაინას.