უკრაინელმა ჯარისკაცმა მტრის შესაჩერებლად ხიდის აფეთქება გადაწყვიტა, თუმცა გარიდება ვერ მოასწრო და აფეთქებას თავადაც შეეწირა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების განცხადებით, ამ გმირული საქციელით მან შეაჩერა მტრის გადაადგილება და თანამოძმეებს თავდაცვის საშუალება მისცა.

"ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ დღეს, როცა უკრაინელი ხალხი რუს ოკუპანტებს სხვადასხვა მიმართულებით იგერიებს, ყველაზე რთული ტერიტორია უკრაინის რუკაზე ყირიმის ყელი გახდა, სადაც მტრებს ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეითები შეხვდნენ.

ტანკების კოლონის წინსვლის შესაჩერებლად, გადაწყდა გენიჩესკის საავტომობილი ხიდის აფეთქება. ამ დავალების შესასრულებლად მოხალისედ გამოვიდა ბატალიონის ინჟინერი, მეზღვაური ვიტალი ვლადიმეროვიცი. მან ხიდი დანაღმა, მაგრამ გამოსვლა ვერ მოასწრო. თანამოძმეების თქმით, ვიტალი კონტაქტზე გამოვიდა და აცნობა, რომ ხიდს აფეთქებდა. აფეთქება მაშინვე მოხდა. ჩვენი თანამოძმე დაიღუპა.

მისმა გმირულმა საქციელმა საგრძნობლად შეანელა მტრის გადააგილება, რამაც საშუალება მისცა დანაყოფს ლოკაცია შეეცვალათ და თავდაცვა შეძლებოდათ", — აცხადებს შტაბი.

საზღვაო ქვეითების ხელმძღვანელობა აპირებს უმაღლეს სარდლობას მიმართოს, რომ ვიტალი ვლადიმეროვიჩს სახელწმიფო წოდება მიანიჭონ.

"რუსო ურწმუნოებო, იცოდეთ, რომ დედამიწა თქვენ ფეხქვეშ დაიწვება! ვიბრძოლებთ სანამ ცოცხლები ვართ! და სანამ ცოცხლები ვართ, ვიბრძოლებთ!" — წერია მათ განცხადებაში.

დღეს, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის 101-ე წლისთავზე საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს და ამტკიცებდა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.

"მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, მან კიევში "ვერჩასვლის" მიზეზად ჩაკეტილი საჰაერო სივრცე დაასახელა, რის შემდეგაც უკრაინელი დეპუტატისგან პასუხად მიიღო, რომ შეუძლია, არც ფრენების აღდგენის შემდეგ ჩავიდეს უკრაინაში.

პრემიერის განცხადებებს საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ პრემიერის პოზიციას არ იზიარებენ და მხარს უჭერენ უკრაინას.