დე ფაქტო რესპუბლიკამ დე ფაქტო რესპუბლიკები აღიარა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ლუგანსკი და დონეცკი ე.წ. "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა".

ბჟანია ამბობს, რომ მათ "განსაკუთრებული ურთიერთობები" აკვაშირებთ ამ "რესპუბლიკების ხალხთან და მათ ბრძოლასთან", რადაგან თავად "იგივე გამოიარეს". მისი განცხადება იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს იმაზე, რომ უკრაინა ისევე, როგორც საქართველო აგრესორია და ორივეს დასავლეთი ახალისებდა. ის ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომელიც "მშვიდობისმყოფელის" ნაბიჯები ჰგონია.

მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა, პუტინმა თქვა, რომ "მათ დასაცავად" ჯარებს შეიყვანდა და მალევე უკრაინაში ომი დაიწყო. თავად პუტინი და მისი პროპაგანდისტები ამ ომს სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებენ.

კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია— იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან. ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტრნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.

ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგაქრებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში