ილონ მასკის განცხადებით, უკრაინას Starlink-ის ინტერნეტი ექნება. უკრაინას ინტერნეტთან პრობლემები აქვს — ვლადიმერ პუტინის შეჭრამ ქვეყნის ნაწილი ინტერნეტის გარეშე დატოვა. ილონ მასკს უკრაინის ვიცე-პრემიერმინისტრმა Starlink-ის ინტერნეტის მიწოდების თხოვნით 26 თებერვალს მიმართა.

"სანამ მარსის კოლოიზაციას ცდილობთ — რუსეთის უკრაინის ოკუპაციას ცდილობს. მაშინ, როცა რაკეტები წარმატებით ეშვებიან კოსმოსიდან, რუსული რაკეტები უკრაინელ სამოქალაქო პირებს ესხმიან თავს. გთხოვთ, რომ მიაწოდოთ სტარლინკი უკრაინას და საღად მოაზროვნე რუსებს მიმართოთ, რომ ჩვენს გვერდით დადგნენ", — დაწერა ვიცე-პრემიერმა Twitter-ზე.

Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის დახმარებით უკრაინას ეს პრობლემა აღარ შეექმნება.

24 თებერვალს პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია — იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან.

ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.

ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგარქებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. აშშ-მ დაასანქცირა ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვიც.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში