უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდანაც უკრაინაში რაკეტები არ დაფრინავს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო — ჩვენ ყველამ შევთავაზეთ ეს რუსულ მხარეს. დიახ, და ნებისმიერი სხვა ქალაქი ჩვენთვის შესაფერისია, რომლის ტერიტორიიდანაც რაკეტები უკრაინაში არ დაფრინავს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოლაპარაკება იყოს პატიოსანი და ომის დასრულება — რეალური", — ამბობს ზელენსკი.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ბელარუსში ჩავიდა.

24 თებერვალს პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია — იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან.

ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.

ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგარქებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. აშშ-მ დაასანქცირა ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვიც.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში