პუტინმა ბრძანება გასცა, რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანონ. რუსული გამოცემა Meduza წერს, რომ პუტინის განცხადებიდან გაურკვეველია, ეხება თუ არა ეს ბირთვულ იარაღს.

"ნატოს წამყვანი ქვეყნების მაღალჩინოსნები თავს უფლებას აძლევენ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებები აკეთონ, ამიტომ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ვუბრძანებ, რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანოს", — განაცხადა პუტინმა.

ამ წუთებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდს არ ხსნის, თუმცა TV Rain-ის და Meduza-ს ინფორმაციით, ვებგვერდზე წერია, რომ სტრატეგიული შეკავების ძალები შექმნილია "რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის შესაჩერებლად, ასევე აგრესორის დასამარცხებლად, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით". კიდევ ერთი რუსული გამოცემა ინტერფაქსი წერს, რომ სტრატეგიული შეკავების ძალები ასევე მოიცავს სტრატეგიულ არაბირთვულ ძალებს.

"სტრატეგიული შეკავების ძალები მოიცავს სტრატეგიულ შეტევით და თავდაცვითი ძალებს. პირველი აღჭურვილია კონტინენტთაშორისი სარაკეტო და საავიაციო სისტემებით და შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღით. ასევე, სტრატეგიული შეტევითი ძალები მოიცავს სტრატეგიულ და შორ მანძილზე ბომბდამშენების ფორმირებებსა და დანაყოფებს, წყალქვეშა ნავებს, გემებს და საზღვაო სარაკეტო მატარებელ თვითმფრინავებს ჩვეულებრივი გრძელვადიანი მაღალი სიზუსტის იარაღით.

სტრატეგიული თავდაცვითი ძალები დაფუძნებულია საჰაერო თავდაცვის, რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსური თავდაცვის სისტემებზე", — წერს TV Rain.

გამოცემასთან საუბარში რუსი სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რომ ეს ბირთვული საფრთხის ესკალაციაა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში