ევროკავშირში Russia Today, Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები აიკრძალება. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ამუშვებენ ინსტრუმენტებს ევროპაში "მათი ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციის აკრძალვის მიზნით".

"ჩვენ ავკრძალავთ კრემლის მედია მანქანას ევროკავშირში. სახელმწიფო Russia Today, Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები, პუტინის ომის გასამართლებლად ტყუილების გავრცელებას ვეღარ შეძლებენ", — წერს ლაიენი.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სანქციების ახალი პაკეტით ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავების ჩათვლით. ლაიენის განცხადებით, ისინი ვერ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, აფრენას ან გადაფრენას.

სანქციები შეეხება ბელარუსსაც — ლაიენი ამბობს, რომ "ამ ომში სხვა აგრესორს, ლუკაშენკოს რეჟიმს" სანქციების ახალი პაკეტით მიზანში ამოიღებენ, რაც მათ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს დაარტყამს".

ყველა ეს ზომა გუშინ წარდგენილი სანქციების პაკეტის დამატებაა. ლაიენის თქმით, ისინი შეთანხმებულია საერთაშორისო პარტნიორებთან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში