მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული ღონისძიების, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის, ორგანიზატორებმა იმ რუსულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა შეწყვიტეს, რომლებიც ფესტივალზე რუსეთის საერთო სტენდის წარდგენაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

"ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები მკაცრად გმობენ პუტინის ბრძანებით რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას. რუსეთის უკრაინაში შეჭრით და საერთაშორისო სამართლის დარღვევით შექმნილი სიტუაციის ფონზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა წყვეტს თანამშრომლობას იმ რუსულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც ფესტივალზე რუსეთის საერთო სტენდის დადგმაზე არიან პასუხისმგებელნი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა უკრაინელ გამომცემელთა ასოციაციებს სრული მხარდაჭერით უზრუნველყოფს", — წერია წიგნის ბაზრობის დირექტორის, იურგენ ბოოსის სახელით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამომცემლების პროტესტი და მიმართვა რამდენიმე საერთაშორისო წიგნის ფესტივალის ორგანიზატორებისთვის. ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში 12-მა საგამომცემლო ორგანიზაციამ ფრანკფურტის, ლონდონისა და ბოლონიის წიგნის ფესტივალებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას და პროტესტის ნიშნად ბაზრობებზე არ დაუშვან რუსეთის სტენდები.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში