სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ევროკავშირის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი უკრაინასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვის დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ.

"რამდენიმე საათის წინ შედგა ALDE-ს ლიდერების სამიტი, ალდეში შემავალი პარტიების სამიტი. ALDE არის უმსხვილესი ფრაქცია ევროპარლამენტში, რომელიც 71 ევროპარლამენტარს აერთიანებს და საქართველოდან ALDE-ს წევრები არიან, მოგეხსენებათ სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები. მიღებულ იქნა მაღალი დონის დოკუმენტი, რეზოლუცია და პირველად ასეთი დონის დოკუმენტში, ევროკავშირის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი უკრაინასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ.

ეს არის უდიდესი გამარჯვება და ეს ინიციატივა იყო ჩვენგან შეტანილი ამ დოკუმენტში, რაზეც დაგვეთანხმნენ პარტნიორები ევროკავშირიდან, ევროპარლამენტარები. ინიციატორი იყო გიორგი ვაშაძე, რომელიც ესწრებოდა ამ სამიტს. სამიტს, ასევე, ესწრებოდნენ ხათუნა სამნიძე, როგორც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და თამარ კეკენაძე თავისუფალი დემოკრატებიდან", — განაცხადა ჩიხლაძემ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარტია მოუწოდებს ევროპულ საზოგადოებას, დაიწყოს ფართო კონსულტაციები უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების შესაძლებლობის შესახებ.