უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ქართველ ხალხს მიმართავს და მოუწოდებს, დაეხმარონ პრემიერმინისტრს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. შმიგალმა ეს ტვიტი 4 ენაზე გამოაქვეყნა.

"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში", — წერს ის.

ამ პოსტამდე მან ასევე 4 ენაზე დატვიტა, რომ საქართველოს აეროპორტში მოქალაქეები ელოდებიან, ფრენებს, რათა უკრაინაში ჩავიდნენ. შმიგალი წერს, რომ "იმედია ირაკლი ღარიბაშვილი გამოიჩენს თავის გამბედაობას და ფრენის უფლებას მოგცემთ".

დღეს ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოხალისეები უკრაინაში გაფრენას ცდილობენ, თუმცა პროცესს ხელისუფლება აფერხებს. დეტალების გარკვევას On.ge მთავარობის ადმინსიტრაციაში ცდილობს, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცის საერთაშორისო ლეგიონს ქმნის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებით დაკომპლექტდება. მან უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს მიმართა, რომ ვისაც სურს შეუერთდეს უსაფრთხოების დაცვას ევროპასა და მსოფლიოში, შეუძლია ჩავიდეს უკრაინაში და მათთან ერთად იბრძოლოს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, განა მალიარი კი აცხადებს, რომ ერთ დღეში ლეგიონში გაწევრიანების სურვილი უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქემ გამოთქვა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში