საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გამოთქვამს ეჭვს, რომ უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი თავად არ იქნებოდა ჩართული ტვიტის შექმნაში, რომელიც ქართულ ენაზეა და საქართველოს ის მოსახლეობას მოუწოდებს დაეხმარონ პრემიერმინისტრს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

"ჩვენ მართლაც, არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ ძალიან მჭიდრო მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და მე რაღაც ეჭვი მაქვს, რომ აქ, ამ ტვიტის შექმნაში, უშუალოდ თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ისე ჩართული, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგან ის ტექსტი, რომელიც არის ქართულად დაწერილი მე ბევრ ეჭვებს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს, მაგრამ ეს იქით იყოს.

მე მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე. და ამ ემოციურ ფონზე, შეიძლება ასეთი რაღაც პოსტი ყოფილიყო გაკეთებული. მაგრამ საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ღარიბაშვილსა და პრემიერმინისტრ შმიგალს შორის ჩამოყალიბდა და ის გვერდში დგომა რომელიც ღარიბაშვილმა მის მიმართ გამოამჟღავნა არის ურყევი და შეუქცევადი. როგორც მანამდე ვედექით გვერდში ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისე დავუდგებით და ამას ვერაფერი ვერ შეანელებს", — ამბობს ის რუსთავი 2-ის ეთერში.

ზალკალიანი ასევე ამბობს, რომ ღარიბაშვილსა და შმიგალს შორის ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აქვს.

"პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და პრემიერმინისტრ შმიგალს შორის, არის მართლაც ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა და ის ურთიერთობა, რომელიც მათ შორის ჩამოყალიბდა ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, ასევე, როდესაც მისი მიწვევით პრემიერი იყო უკრაინაში", — თქვა ზალკალიანმა.

შმიგალი ტვიტი 4 ენაზე გამოაქვეყნა და ქართველ ხალხს მიმართა — "თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში".

ამ პოსტამდე მან ასევე 4 ენაზე დატვიტა, რომ საქართველოს აეროპორტში მოქალაქეები ელოდებიან, ფრენებს, რათა უკრაინაში ჩავიდნენ. შმიგალი წერს, რომ "იმედია ირაკლი ღარიბაშვილი გამოიჩენს თავის გამბედაობას და ფრენის უფლებას მოგცემთ".

დღეს ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოხალისეები უკრაინაში გაფრენას ცდილობენ, თუმცა პროცესს ხელისუფლება აფერხებს.