მსახიობები ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკრაინაში შექმნილი საომარი სიტუაციის გამო წარმოქმნილი ლტოლვილების ახალი ნაკადის დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდს ქმნიან. ისინი ყოველ გაღებულ დონაციას გააორმაგებენ და ჯამში $1 მილიონად აქცევენ. ჰოლივუდის ცნობილმა წყვილმა განცხადება სოციალურ მედიაში გაავრცელა.

"48 საათის განმავლობაში, უთვალავ უკრაინელს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება და მეზობელი ქვეყნებისთვის თავშეფარება. მათ დაცვა სჭირდებათ. თქვენ მიერ გაღებულ დონაციას ჩვენ გავაორმაგებთ და $1 მილიონად ვაქცევთ", — განაცხადა რეინოლდსმა ტვიტერზე და გამომწერებს გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთვის დონაციის გაღებისკენ მოუწოდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გადაჭედილი მატარებლებითა და ხანგრძლივი გზის გავლით ქვეყანას უამრავი მცხოვრები ტოვებს. გაეროს ცნობებით, ამ დრომდე 368 ათასამდე ლტოლვილმა შეძლო უკრაინის დატოვება.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა, ილვა იოჰანსონმა, განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები მილიონობით ლტოლვილის დასახვედრად უნდა მოემზადონ.

"რთულია, ივარაუდო, რამდენისთვის — თუმცა, ვფიქრობ, მილიონებისთვის უნდა მოვემზადოთ", — აღნიშნა იოჰანსონმა.

გაეროს სააგენტოს ცნობით, წლების განმავლობაში განხორციელებული აგრესიის შედეგად, უკრაინა გასულ კვირას რუსული ჯარების შეჭრამდეც დატოვა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა, ამიტომ წელს თითქმის 3 მილიონ უკრაინელს დასჭირდება ჰუმანიტარული დახმარება.

"მათ, ვინც თავის გადასარჩენად გაიქცა, ახლა დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ესაჭიროებათ", — აცხადებს სააგენტოს დონორი ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში