საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასინოვის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ საქართველოსგან ჰუმანიტარულ დახმარებებს კიდევ მიიღებენ. ამის შესახებ მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც განმარტა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩი კონსულტაციებზე გაიწვია.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, ახლახანს გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი 80 ტონის მოცულობით. იცით, რომ ეს ტვირთი შედგებოდა სამედიცინო პრეპარატებისგან, ასევე, წამლებისგან, რომელსაც საჭიროებს შეიარაღებული ძალები და ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობა.

ცოტახანში ჩვენ ველოდებით მეორე ჰუმანიტარული ტვირთის გამოგზავნას, რომელიც ფორმირდება არაგულგრილი პირების, ასევე, საქმიანი წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო ჰუმანიტარული ტვირთი ჩვენი მოძმე საქართველოსგან", — განაცხადა მან.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ანდრეი კასიანოვი შეასრულებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ზელენსკი კონსულტაციებზე გაწვეულ ელჩთან სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, უკრაინაზე საქართველოს პოზიციას განიხილავს.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. ზელენსკი ამბობს, რომ მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლაა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში